გამოძიების დასრულებამდე შეფასებებს პოლიტიკური იერი დასდევს – გახარია გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, მანამდე კი განცხადებებს “პოლიტიკური ირესახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”. ამის შესახებ გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

“ფაქტი რაც გვაქვს, ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მთავრობის წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ჩვენი მოქალაქის, განასკუთრებით, ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული მაქსიმალურად შესაძლებელ, სწრაფ დროში იყოს გამოძიებული და, შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსპარანტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს.

ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ მძიმე დანაშუალის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საარჩევნო პროცესის გამო პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს და, შესაბამისად, “ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და, სამწუხაროდ, ეს ასე ხდება”.

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, თუ რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას იმის შესაძლებლობა, სრულყოფილად გამოიძიოს უსწრაფეს დროში და მოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია. სწორედ ამის შემდგომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები. სხვა ყველაფერს, რაც ახლა ასე ფართოდ ისმის, სამწუხაროდ, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”, – განაცხადა გახარიამ.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.