ახალი ამბები

STOP COVID აპლიკაციით ამ დრომდე 10 ინფიცირებული გამოვლინდა – სამინისტრო

16 ივნისი, 2020 • 1078
STOP COVID აპლიკაციით  ამ დრომდე 10 ინფიცირებული გამოვლინდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი მონაცემებით აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი და ბოლო ინფიცირების შემთხვევა მისი მეშვეობით 7 ივნისს გამოვლინდა:

“აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ, მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“ –  ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ” ,- აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ აპლიკაციის მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ და მის გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ეკონომიკის გახსნის პერიოდში ენიჭება, რადგან ამ დროს იზრდება ადამიანთა გადაადგილებისა და კონტაქტების რაოდენობა.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის, რის შემდეგაც მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც, უწყების თქმით, რეტროაქტიულად ფინანსდება მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში.

აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს მისი გადმოწერა Google Play-დან შეუძლიათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge , ასევე, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი