ახალი ამბები

14-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა სწავლობს

9 ივნისი, 2020 • 1768
14-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა სწავლობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში „მამისონის“ გარდა კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა.

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

აქამდე შპს „მამისონი“ აჭარაში კიდევ ერთ მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობდა – ამ კომპანიამ აჭარაში 3,3 მილიონ ლარად „ახალი სასაფლაოს“ მოწყობაზე იმუშავა. სასაფლაო დღემდე გამოუსადეგარია და საკითხს პროკურატურა სწავლობს. კომპანია „მამისონში“ დღეს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ საგამოძიებო ორგანომ მათგან შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო.

თავის დროზე შპს „მამისონმა“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ჩაქვში ბათუმის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებს“ შპს „ვეგასგან“ ჰქონდა შეძენილი, თუმცა სასაფლაო დღემდე არ გახსნილა, რადგან სამუშაოები არასათანადოდ არის ჩატარებული. ტენდერის შესახებ, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე

ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ 2018 წელს გაფორმებული 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის 6 მარტს შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს [რაზედაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა] კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს [რაზედაც ხელშეკრულება დღეს გაფორმდა], სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს. ხელშეკრულება კი ჯერ გაფორმებული არ არის.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ირაკლი ჭკადუამ 10 ათასი ლარი შესწირა 2017 წლის სექტემბერში.

„ამ ეტაპზე საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა) – ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შეფასების ეტაპი“, – მოგვწერეს 8 ივნისს დეპარტამენტიდან.

„ბათუმელებმა“ საგზაო დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია „ტოდინთან“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შეწყვეტილი ხელშეკრულებების გამო, რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს დეპარტამენტი კომპანიისგან? ხომ არ მიმდინარეობს დავა, რა ეტაპზეა და სხვა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად… სამართალწარმოების მიზნების გათვალისწინებით დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, ამ ეტაპზე მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“, – მოგვწერეს 8 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

კითხვაზე, როდის უნდა დაიწყოს ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა და როდის უნდა დასრულდეს? – დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, სამუშაოების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 24 თვე, ხოლო პირველი ლოტის 5 კმ-იანი მონაკვეთისთვის [ამ მონაკვეთზე სამუშაოები „მამისონიმ“ უნდა შეასრულოს] – 18 თვე“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი