ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატების სხვადასხვა ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მათი დაწყების საბაბი 25 მაისს მომხდარი შემთხვევა გახდა — მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში გამოძახებაზე მისულმა 4-მა პოლიციელმა აფროამერიკელი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი დააკავა. პოლიციელებმა იგი ძირს დააწვინეს, ხოლო ერთ-ერთმა ოფიცერმა, დერეკ ჩაუვინმა მას ყელზე მუხლი დააჭირა.
ამის შემდეგ ფლოიდი არაერთხელ ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა (I can’t breathe) და სთხოვდა პოლიციელს, მუხლი ყელიდან აეღო, თუმცა ჩაუვინმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა გაავრცელეს. ფლოიდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო აუტოფსიამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი, მათ შორის, ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთი იყო. დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წარუდგინეს და დროებით დააპატიმრეს, აშშ-ში კი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები პოლიციელების სისასტიკისა და რასიზმის შეწყვეტის მოთხოვნით. ასეთივე აქციები ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის თბილისშიც.
[ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებისთვის იხილეთ:
საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას არაერთმა პოლიტიკოსმა მათ მხარი დაუჭირა, ზოგან კი უკვე დააანონსეს სხვადასხვა სახის რეფორმები და შავკანიანთა საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. The Guardian-მა შეაჯამა, რას მიაღწია საპროტესტო მოძრაობამ სულ რაღაც 2 კვირაში:
მინეაპოლისის საქალაქო საბჭომ შესაძლოა, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაითხოვოს, დეპარტამენტს დაფინანსება შეუწყვიტოს და წესრიგის უზრუნველყოფის სხვა სისტემები სცადოს. „ნეტგაზეთი“ ამის შესახებ 8 ივნისსაც წერდა.
საქალაქო საბჭოს წევრების უმრავლესობამ, 9 წევრმა, გამოაცხადა, რომ აპირებდნენ, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ და საერთოდ გაუქმებინათ. მათი რაოდენობა საკმარისი იყო ქალაქის მერის, ჯეიკობ ფრეის შესაძლო ვეტოს დასაძლევადაც.
„გვსურს გავაუქმოთ პატრულირება მინეაპოლისში, როგორიც ის ვიცით, და ავაგოთ ჩვენი საზოგადოება საჯარო უსაფრთხოების ახალ მოდელზე, რომელიც მართლაც იცავს საზოგადოების წევრებს“, — აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე ლიზა ბენდერი.
ცვლილებების შესახებ გამოაცხადა ქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომაც.
„იმის თქმა, რომ „მე თქვენი მესმის“, საკმარისი არაა. აი, რას ვაპირებ ახლა, ჩვენი ქალაქი რომ უფრო სამართლიანი გახდეს“, — წერს იგი და შემდეგ ზომებს აანონსებს:
დე ბლაზიოს გეგმას არ იწონებენ პოლიციაში — მათი თქმით, დაფინანსების შემცირება კრიმინალის დონის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, როგორც Los Angeles Times წერს, მაშინ, როცა ნიუ-იორკის პოლიციელებმა გაფიცვა გამოაცხადეს, კრიმინალის დონე, რეალურად, დაეცა.
აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც შემავალი შტატები სამოქალაქო ომის დროს (1861-65) კონფედერაციის შემადგენლობაში იყვნენ და მონათფლობელობას (მონები კი მაშინ აფრიკიდან ჩამოყვანილი შავკანიანები იყვნენ) ემხრობოდნენ, მომიტინგეებმა „მოხნსეს“ კონფედერაციის მოღვაწეთა — გენერლებისა და პოლიტიკოსების ძეგლები. ზოგგან, ხელისუფლებამ მათი დემონტაჟი თავად გადაწყვიტა.
მონებით მოვაჭრეთა ძეგლი მომიტინგეებმა გაერთიანებულ სამეფოშიც „მოხსნეს“.
დირექტორთა საბჭოში თავისი პოსტი დატოვა Reddit-ის თანადამფუძნებელმა, ალექს ოჰანიანმა და საბჭოს სთხოვა, მის ნაცვლად შავკანიანი კანდიდატი დაენიშნათ, წერს „გარდიანი“.
„ამას მე ვაკეთებ როგორც მამა, რომელსაც სურს, თვალებში შეხედოს შავკანიან შვილს, როდესაც ჰკითხავს „შენ რა გააკეთე?“ — წერს იგი.
მისივე თქმით, 1 მილიონ დოლარს შესწირავს კოლინ კაპერნიკის Know Your Rights Camp-ს (პოლიციასთან ურთიერთობის და ძალადობისგან დაცვის ორგანიზაცია).
მან განაცხადა, რომ გადადგომა „ლიდერობის“ დემონსტრირებაა და სხვებსაც მოუწოდა, მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ.
ავდოკატმა გრეგ დუსეტმა და მათემატიკოსმა ჯეისონ მილერმა დაიწყეს მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც პოლიციელების მიერ საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობა იქნება დოკუმენტირებული. მათი თქმით, ამგვარად პოლიცია ვეღარ განაცხადებს, რომ ძალადობა ერთეულ შემთხვევებში ხდება და გამოჩნდება, რომ სისასტიკე და ძალადობა სისტემური პრობლემაა.
ორშაბათისთვის მათ ბაზაში უკვე იყო შეტანილი საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ სისასტიკის გამოვლენის 500-ზე მეტი შემთხვევა.