ოჯახი, რომელიც ამბობს, რომ მათი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, შიმშილობას იწყებს

დღეს, 9 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებმა ოჯახმა. ოჯახი ითხოვს, რომ სასამართლომ ბოლომდე გამოიძიოს საქმე, რომელიც ეხება მათი შვილზე, სავარაუდოდ, ოჯახის ნაცნობის მხრიდან სექსუალურ ძალადობას.

მაისში სასამართლომ გაამართლა 58 წლის კაცი, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული. ამ გადაწყვეტილებას ოჯახის მხრიდან სასამართლოს ეზოში მოჰყვა პროტესტი, საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშია.

დღეიდან კი ოჯახი შიმშილობას იწყებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კართან.

„შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის კაცი არ დაისჯება“, – ამბობს ოჯახის წევრი ნეტგაზეთთან და ამატებს, რომ მიუხედავად დაზარალებულის სტატუსისა, ოჯახს საქმის მასალებს არ აჩვენებენ.

„ბავშვის მდგომარეობა ძალიან ცუდად არის. ერთი ოთახიდან მეორე ოთახში შიშით აღარ შემოდის. ეს შემთხვევა რომ მოხდა, თურმე ემუქრებოდა –  დედას თუ ეტყვი, მოგკლავო. თან, ეს ამბავი რამდენჯერმე მოხდა. ბავშვი საბავშვო ბაღში აღარ დადის, წერა-კითხვა არ იცის და თითით აჩვენებს, რომ 4-ჯერ ამიყვანაო. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ბავშვის საქმე, ის ძალიან ცუდად არის“, – ყვება ნეტგაზეთთან ოჯახის წევრი.

ოჯახი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, კერძოდ კი იმაზე, რომ სოციალური ზრუნვის სისტემაში ბავშვისთვის შესაბამისი ფსიქოლოგი ვერ მოიძებნა. თუმცა აქციის დაწყების შემდეგ მალევე დაურეკეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანელი ფსიქოლოგი მოძებნეს.

„შიმშილობას გავაგრძელებთ, სანამ პასუხს არ მივიღებთ. ეჭვი გვაქვს, ეს გაკეთებული საქმეა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ და ვის მიერ, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ეჭვები ნამდვილად გვაქვს“, – აცხადებს ბავშვის ოჯახი.

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა