ახალი ამბები

ბასილაშვილზე გამოწერილი ყველა ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა – PHR

8 ივნისი, 2020 • 2307
ბასილაშვილზე გამოწერილი ყველა ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის თქმით, ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. მათივე ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა.

„სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. შესაბამისად, ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, – წერს ორგანიზაცია.


24 მაისს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. 

ამ საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი