ბესელიას თქმით, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე იურიდიულად ჯერ მისი პარტიიდან არ გასულან

გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე, რომლებიც 7 ივნისს დაფუძნებულ პარტიაში “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” გაერთიანდნენ, ამავდროულად, ირიცხებიან ეკა ბესელიას პარტიაში “სამართლიანობისთვის”.

ამის შესახებ ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“[“ოცნების” ყოფილ წევრებთან] თანამოაზრეობა იმ მოცემულ ეტაპზე, როცა წამოვედით “ქართულ ოცნებიდან”, ბევრად უფრო გასაგები და მჭიდრო იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური გემოვნება და ინტერესი რაღაც პროცესების გამო იცვლება. ეს მათი არჩევანია, ყველას წარმატებას ვუსურვებ. გედევანიც და ზვიადიც ამ პარტიაში ამ წუთსაც პოზიციებზე რჩებოდნენ და ახლა, ალბათ, სამართლებრივად გაფორმდება ეს ყველაფერი. იურიდიულად არ გასულან, ახლა უნდა მოვაგვაროთ ეს პროცედურები”, – განაცხადა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პარტიიდან გასასვლელად საჯარო განცხადებაც საკმარისია, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ზვიად კვაჭანტირაძემ შესაბამისი მიმართვა გააკეთა.

“კანონში არის ჩანაწერი, რომ პარტია არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, როცა გინდა წახვალ. წესდებაში კი წერია, რომ საჯარო განცხადება საკმარისია იმისთვის, რომ პარტიიდან გასვლა ჩაითვალოს. თუ ტექნიკურად უნდა [ბესელიას] თავისთან რაღაც გადაწყვიტოს, შეუძლია, შეკრიბოს პოლიტსაბჭო და თქვას, რომ გედი და ზვიადი ვინაიდან გახდნენ სხვა პარტიის წევრები, ვეღარ იქნებიან ჩემი პარტიის წევრები. ამ ფორმალობის უზრუნველყოფაში ჩემი თავი არაფერში სჭირდება”, – განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას პარტიის დატოვების მიზეზად გარკვეულწილად “პირად ურთიერთობებს” ასახელებს და ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურს.

“ეს არის პირადი ურთიერთობები რაღაც ნაწილში და არ მიმაჩნია, რომ ეს საჯარო ინტერესის სფერო შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს ვქმნით ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, ჩემი აზრით, იქნება სერიოზული მოთამაშე პოლიტიკურ სივრცეში, კონცენტრირებული ვართ ამ საკითხზე, ამიტომ კერძო ურთიერთობებში გარკვევა საჯარო სივრცეში არ იქნება სწორი. პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე პოლიტიკაში არავისთან უარზე არ ვართ და საერთო ღირებულებებთან დაკავშირებით ყველასთან მზად ვარ ვითანამშრომლო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ფოფხაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძე განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით ხსნის იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული დეპუტატები რამდენიმე პოლიტიკურ ძალად დაიქსაქსნენ.

“წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკა არის მუსიკა. მე მიყვარს ოზი ოზბორნი, თქვენ გიყვართ ჯონ ლენონი. ორივე გენიალური მომღერალი იყო, მაგრამ აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული რაღაც მთავარში. ეს არის, ეტყობა, რაც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს არ აძლევს საშუალებას, ერთად იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. ერთმანეთის პატივისცემა ჩვენ არ დაგვიკარგავს და კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე ესწრებოდნენ კიდეც ჩვენი პარტიის პრეზენტაციას”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”, ასე ჰქვია პარტიას, რომელიც პრეზენტაციაც 7 ივნისს გაიმართა და რომელიც ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილმა დააფუძნა. პარტიის წევრები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ახალ პარტიაში ფრაქციის ორი წევრი, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არ იქნებიან. ახლად შექმნილ პარტიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გენერალური მდივნის პოსტს მარიამ ჯაში დაიკავებს.

“დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილი ახალ პარტიას ქმნის