სიეტლში პირი მანქანით აქციაზე შეიჭრა და მომიტინგეს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ის შტატ ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა, შემდეგ კი მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, წერს „როიტერსი“.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, კვირას, აქციის მიმდინარეობისას, მამაკაცი თავისი ავტომანქანით მომიტინგეების ჯგუფში შეიჭრა, ხოლო შემდეგ მანქანა გააჩერა და ესროლა მომიტინგეს.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც აქციის სხვა დემონსტრანტებმა მანქანას ალყა შემოარტყეს, იგი ავტომობილიდან გადმოვიდა, იარაღის მსგავსი რამ ამოიღო, გზა გაიკაფა და პოლიციას ჩაბარდა.


რატომ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები?

25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალიც წარედგინა, ხოლო აშშ-ის 50-ივე შტატის ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები — დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.