ცოლზე ფიზიკური ძალადობის და მუქარის ბრალდებით გორში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში 38 წლის მამაკაცი დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული  პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.