ახალი ამბები

კორონავირუსი: “შვედური მოდელის” ნაკლზე მისი მთავარი შემოქმედი ალაპარაკდა

3 ივნისი, 2020 • 2235
კორონავირუსი: “შვედური მოდელის” ნაკლზე მისი მთავარი შემოქმედი ალაპარაკდა

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყნის სტრატეგიის ავტორად მიიჩნევა, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეტი უნდა გაეკეთებინა COVID-19-ის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულის შესახებ ანდერს ტეგნელმა შვედეთის რადიოსთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“ამავე დაავადებასთან გამკლავება რომ დაგვჭირვებოდა დღეს არსებული ცოდნით, ვფიქრობ, ჩვენი პასუხი იქნებოდა სადღაც შვედეთისა და დანარჩენი მსოფლიოს ზომებს შორის”, – ამბობს ეპიდემიოლოგი.

ტეგნელი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია შვედეთის სტრატეგიისა პანდემიასთან გასამკლავებლად, რომელსაც არაერთგვაროვნად აფასებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული სტრატეგიით, 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება, თუმცა კრიზისის პერიოდში ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ, წასულიყვნენ რესტორნებსა და საყიდლებზე, ევარჯიშათ სპორტდარბაზებში და სკოლებში გაეშვათ 16 წელს მიუღწეველი ბავშვები.

ყოველ 100 000 მოსახლეზე 43 დაღუპულით შვედეთი გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის. ის ამ მაჩვენებლით ბევრად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს, ნორვეგიასა და დანიას, რომელთაც ვირუსის საწინააღმდეგოდ გაცილებით მკაცრი ზომები მიიღეს.

ტეგნელი ამ დრომდე ირწმუნებოდა, რომ ახალი კორონავირუსის ბუნება უფრო მდგრად პასუხს მოითხოვდა, ვიდრე მძიმე და უეცარი ჩაკეტილობაა. თუმცა ზემოაღნიშნულ ინტერვიუში ეპიდემიოლოგმა საჯაროდ პირველად აღნიშნა, რომ სტრატეგიამ საკმაოდ ბევრი ფატალური შედეგი გამოიწვია.

“ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა მოკლე დროში?” – ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რაზეც ეპიდემიოლოგმა მიუგო:

“დიახ, აბსოლუტურად”.

ჟურნალისტი მას ჩაეკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ რაიმე გაკეთებულიყო ამასთან დაკავშირებით, რაზეც ტეგნელმა მიუგო:

“დიახ, ეს არის ის, რაც შეიძლება განვიხილოთ სამომავლოდ, იყო თუ არა რაიმე გზა ამის თავიდან ასაცილებლად”.

“აშკარად არსებობს პოტენციალი იმის გაუმჯობესებისა, რაც შვედეთში გავაკეთეთ. კარგი იქნება იმის ცოდნა, კონკრეტულად რა უნდა დავხუროთ ვირუსის გავრცელების უკეთ აღსაკვეთად”,  – დაამატა მან.

რადიოს თანახმად, თვითკრიტიკულობის ფონზე, ეპიდემიოლოგი კვლავ ვერ საუბრობს გადაჭრით, კონკრეტულად რა ზომები უნდა მიეღო შვედეთს.

მაისის ბოლოს სკანდინავიის ქვეყნებმა – შვედეთმა და ნორვეგიამ – ერთმანეთთან მიმოსვლა განაახლეს, თუმცა შვედეთთან საზღვარი არ გაუხსნიათ. ამის მიზეზად სახელმწიფოთა მთავრობებმა შვედეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი დაასახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი