როგორ უნდა მუშაობდეს კორონავირუსის გავრცელების პირობებში ე.წ. დილივერის (საკურიერო) სერვისი?
ჯანდაცვის სამინისტრომ ამ სერვისში დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აუცილებელ რეკომენდაციათა ნუსხა გამოაქვეყნა. რეკომენდაციებს შორის არის კურიერის გადაადგილების მარშრუტის აღრიცხვა.
დამსაქმებლის ვალდებულებები
- 20 და მეტი დასაქმებულის შემთვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;
- შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
- ყოველდღიურად აღრიცხოს კურიერის გადაადგილების მარშუტი, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
- შეკვეთის განხორციელებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღოს ინფორმაცია (თვითიზოლაცია,რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები) იმ მომხმარებლის შესახებ, რომლის მომსახურება უნდა განხორციელდეს და აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია კურიერს;
- უზრუნველყოს კურიერები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, ნიღაბი სახის ფარი/ შესაბამისი სათვალე);
- მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- უზრუნველყოს დასაქმებულები სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;
კომპანიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით მიწოდებას, ვალდებულია უზრუნველყონ შემდეგი პირობების დაცვა:
- პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბითა და ხელთათმანით;
- სურსათის მიწოდების შემთხვევაში, სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად გადასატან ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
- სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი;
- პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას არსებულ შეფუთვას გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ;
- შეკვეთის მიღებისას მოსთხოვოს მომხმარებელს, სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.
- უზრუნველყოს გარკვეული პერიოდულობით სატრანსპორტო საშუალებების სანიტარული დამუშავება;
- უზრუნველყოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები
დასაქმებულთა ვალდებულებები
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, სამინისტრო ამბობს, რომ აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
- დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო სივრცეში;
- სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
- სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;
- გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას;
- მომხმარებელთან ურთიერთობისას საკვების გადაცემის დროს დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
- წინასწარ მოსთხოვეთ შემკვეთს, სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.