„რომ მხედავს, ბნედა ემართება“ — წულუკიანი ბოკერიაზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას, რომელმაც სხდომაზე „პოლიტიკური ბოღმის ელექსირი უწოდა“, მისი [წულუკიანის] დანახვისას „ბნედა ემართება“.

„მე მოვისმინე ბატონი გიგა ბოკერიას სიტყვები ჩემთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ ეს ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა და დავძინო, რომ არ არის მისგან უჩვეულო ასეთი ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როცა მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. უბრალოდ, დანანებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია — ვითომ გასუფთავებული ნაციონალები მისი თამადობით, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის, იმას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთო, ბატონი სერგი [კაპანაძე] და ბოკერია ყვიროდნენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა ,გაღიზიანებულები არიან, როცა მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე ვერ ვიდარდებ“, — განაცხადა წულუკიანმა.

იქამდე, ბოკერიამ წულუკიანი მოიხსენია, როგორც „პოლიტიკური ბოღმის ელექსირი”:

„პოლიტიკური ბოღმის ელექსირი“ — ბოკერია წულუკიანზე