მთავარია, რომ ეპიდაფეთქება არ მომხდარა – გახარია აღდგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ეკლესიასა და აღდგომის დღესასწაულზე საუბრისას მთავარი არის ის, რომ ეპიდაფეთქება ქვეყანაში არ მომხდარა.

გახარია მიიჩნევს, რომ აღდგომის დღესასწაულზე მოქალაქემ დაუჯერა და ენდო ხელისუფლებას და შესაბამისი რეკომენდაციები დაიცვა. მათ შორის, დაიცვა სოციალური დისტანციის მოწოდება.

„საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც არის ამ ქვეყნის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი და მომავალშიც იქნება სერიოზული კომპონენტი… შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა არა, რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ – მოდით, სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთო, არა –  მოუწოდებდა იმას, რომ აღვასრულოთ, ოღონდ დავიცვათ წესები.

საბოლოოდ ჯამში, რა მივიღეთ: ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ 2-მეტრიანი დისტანციით… მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ,“ – ამბობს გახარია.