520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი არ არის – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 520-ე დადგენილების გადახედვას მთავრობა არ აპირებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრადი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის. დადგენილაბში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, ეს არის და ეს”, – განაცხადა გახარიამ.

ჭიაბერაშვილის თქმით, 22 მაისს 9 კლინიკამ პრემიერს წერილით მიმართა, რომ მათ უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, გეგმური ოპერაციები პრაქტიკულად გაჩერებულია და შემოსავლები შემცირებულია. ჭიაბერაშვილმა პრემიერს ჰკითხა, თუ რას აპირებდნენ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, აპირებდნენ თუ არა მის გაუქმებას.

მთავრობის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს მიღებული 520-ე დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.