ახალი ამბები

მოძრაობა “შეცვალე” გახარიას პარლამენტთან “სისხლიანი ხელებით” დახვდა

27 მაისი, 2020 • 1330
მოძრაობა “შეცვალე” გახარიას პარლამენტთან “სისხლიანი ხელებით” დახვდა

საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები შეიკრიბნენ და შესასვლელთან წითელი საღებავით, სიმბოლურად, “სისხლიანი ხელების” კვალი დატოვეს. “შეცვალეს” წევრების განმარტებით, ამ აქტით ისინი გახარიას 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ახსენებენ.

“20 ივნისი მოდის და გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ მან და ბიძინა ივანიშვილის პირადმა გარემოცვამ ვერ შეძლეს და ვერ აპატიეს სამართლიანად შეურაცხყოფილ ქართველ ახალგაზრდებს რუსი მკვლელი ოკუპანტის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და დაღვარეს სისხლი, დათხარეს ახალგაზრდებს თვალები… გახარიამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ის საქართველოს პარლამენტში მოდის, მისი ხელები არის ახალგაზრდების სისხლით მოფენილი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მოძრაობა “შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ფარულავამ.

“შეცვალეს” გარდა, დღეს პარლამენტთან მივიდა სამოქალაქო მოძრაობის “მოძრაობა ხალხისთვის” ლირედი, ანა დოლიძეც, რომელმაც სიმბოლურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის 41 შეკითხვა მოამზადა და პარლამენტის შენობაში შეაგზავნა.

“მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი იმ კითხვებსაც კი არ პასუხობს, რომელსაც ხალხი სვამს მათივე ვებ-გვერდებზე. შევაგროვეთ 41 აქტუალური კითხვა იმ ასეულობით კითხვიდან, რომელიც მოვიდა ჩვენს ცხელ ხაზზე. როგორ დაიხარჯება და სად წავა კოვიდ-19-ის ფონდის მილიონები, რომელიც ფონდადაც კი არ არის რეგისტრირებული”, – განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მოხსენებას კითხულობს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი