სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოქვეყნა. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სისტემური ხასიათის საკითხებს შორისაა უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილის დაბალი ათვისება, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.
კერძოდ, ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს, ხოლო 11 საინვესტიციო პროექტს საერთოდ ნულოვანი ათვისება აქვს. შედეგად, საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადიდან (4.8 მლნ ლარი), 1.2 მლნ ლარი გადახდილია 70%-ზე დაბალი ათვისების მქონე 9 საინვესტიციო კრედიტზე.
11 საინვესტიციო პროექტი, რომელთაც ნულოვანი ათვისება აქვს:
2019 წელს საინვესტიციო კრედიტების სახით საგარეო წყაროებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 978 მლნ ლარი, რაც თავდაპირველი გეგმის 75%-ს შეადგენს და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. აუდიტის სამსახურის თანახმად, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზია საინვესტიციო კრედიტების მნიშვნელოვნად დაბალი ათვისება წლიურ გეგმასთან მიმართებაში.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული 1.301 მილიარდი ლარის მოცულობის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით დაიგეგმა 52 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება. ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, მათი დაფინანსება, ჯამურად, 370 მლნ ლარით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 4 ისეთი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო არც თავდაპირველი ბიუჯეტის კანონით და არც კანონში განხორციელებული ცვლილებით. დაუგეგმავი პროექტების ფარგლებში წლის ბოლოს საკრედიტო რესურსის ათვისებამ 3.7 მლნ ლარი შეადგინა.
პროექტების განმახორციელებლების ინფორმაციით, ძირითადად პროექტების შემაფერხებელი მიზეზებია: სატენდერო პროცედურების გაჭიანურება, განსახლების პრობლემები, დონორთან მოლაპარაკების გაჭიანურება, კონტრაქტორის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემები, პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი გეოლოგიური სირთულეები, პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ხარვეზები, საზედამხედველო ორგანიზაციის მოძიების პრობლემები, საკანონმდებლო ცვლილებების გაჭიანურება და ტრანშის ჩამორიცხვის გადავადება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება.