იზმირის ზოგიერთი მეჩეთიდან ლოცვისკენ მოწოდების ნაცვლად “ბელა ჩაო” გაისმა

დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იზმირის მოსახლეობამ რამდენიმე მეჩეთის მინარეთიდან ლოცვისაკენ მოწოდების ნაცვლად იტალიური საპროტესტო სიმღერა “ბელა ჩაო” მოისმინა. თურქული მედიის თანახმად, შემთხვევა 20 მაისს მოხდა და მას პოლიცია იძიებს.

ადგილობრივი მუფთის ოფისის თანახმად, რომელმაც ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში იჩივლა, “ბელა ჩაო” მეჩეთების ნაწილიდან 17:00 საათზე გაისმა. უწყების თქმით, ეს იყო “საბოტაჟი უცნობი პირების მხრიდან, რომელთაც ლოცვისაკენ მოწოდების ცენტრალურ სისტემაში შეაღწიეს”.

მომხდარის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

İzmir’de camilerden ‘Çav Bella’ çaldı

Sosyal medyada paylaşılan videolarda İzmir’in bazı semtlerindeki cami hoparlörlerinden bilinmeyen bir sebeple ‘Çav Bella’ şarkısı çalındığı belirtildi. pic.twitter.com/SCfq15XOIa

— Yol TV (@YolTV) May 20, 2020

İlginç zamanlar yaşıyoruz. Camii minaresinden Çav Bella dinliyoruz. ? pic.twitter.com/ueiUHnHND1

— villelune (@villelune) May 20, 2020

იზმირის პროკურატურამ გამოძიება “რელიგიური ღირებულებების საჯაროდ შეურაცხყოფის” მუხლით დაიწყო. 22 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ისინი მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა კონტროლქვეშ რჩებიან.

“ბელა ჩაო” იტალიური საპროტესტო სიმღერაა, რომელიც სათავეს XIX საუკუნის ბოლოდან იღებს. მაშინ მას ბრინჯის პლანტაციებში მომუშავე ქალები მღეროდნენ. მეორე მსოფლიო ომის წლებში, როდესაც  “ბელა ჩაო”-ს გამოყენება იტალიური წინააღმდეგობის მონაწილეებმა დაიწყეს ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლისას, სიმღერამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.