ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ფადი ასლი საქართველოს მთავრობას მიმართავს შეცვალოს კოვიდ-19-ის პირობებში ბიზენსის მიმართ დაწესებული რეგულაციები და შემოიფარგლოს მხოლოდ რეკომენდაციებით. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

წერილში, რომელსაც ფადი ასლი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უგზავნის განმარტებულია, რომ ბიზნესი მთავრობისგან მოელის მხარდაჭერას და არა ჯარიმებსა და სანქციებს. წერილში გამოყოფილია სამი ძირითადი მიმართულება, რასაც საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრობლემურად მიიჩნევს:

წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს ვერ დაუჭერს და ვერ წაახალისებს “პოლიციურ რეგულაციებს”. წერილის მიხედვითი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას აქვს შეზღუდული ფინანსური რესურსი და კრიზისიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს ბიზნესის შესაბამის მხარდაჭერას, დამატებითი რეგულაციები საჭიროება არ არსებობს, რადგან ეს ბიზნესსექტორის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

“მოლოდინი გვაქვს ასევე, რომ ბიზნესისათვის მთავრობა გასცემს რეკომენდაციებსა და მითითებებს და ცხადია არა რეგულაციებს, რომელთა აღსრულება ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან მოხდება ათასობით ლარის ჯარიმებით.

ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არის პასუხისმგებლიანი, შეუძლიათ დაიცვან რეკომენდაციები და მითითებები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გარეშე; მთავრობა ვერ იზრუნებს ხალხზე იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხალხი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა გამოთქვამს იმედს, რომ ჯანდაცვის ინსპექტორები ბიზნესის წარმომადგენლებს ასწავლიან და დააკვალიანებენ თუ როგორ უნდა დაიცვან ჯანდაცვის ნორმები ვირუსის პრევენციისთვის.

“ნამდვილად არ ველით ჯანდაცვის ინსპექტორების მხრიდან ბიზნესის ჩაგვრას, დასჯას, ზეწოლასა და დაჯარიმებას. “, – აღნიშნულია წერილში.

ფადი ასლი მიმართავს მთავრობის წარმოამდგენლებს გადახედონ არჩეულ პოლიტიკასა და მიდგომებს და რეგულაციები შეცვალონ რეკომენდაციებით.