ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

22 მაისი, 2020 • 1098
საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარლამენტის მიერ დღეს, 22 მაისს, მიერ მიღებულ კანონპროეტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეუძლია შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარლამენტმა მათი მოწოდება არ გაიზიარა და არ შეიტანა ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ გადაწყვეტილება მიიღო, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

“სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე  უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები”,-აცხადებენ საიაში.

მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. ამასთან, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად,  კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს. შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები”,-აცხადებენ საიაში.

ორგანიზაციის შეფასებითვე, მიღებული კანონი არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლების კუთხითაც, რადგან მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტექნიკური რეგულაცია ვერ იქნება, მაგალითად, სასტუმროს მეპატრონისთვის ნომრის გაქირავების აკრძალვა, რაც რეალურად საკუთრების უფლებით სარგებლობის აკრძალვაა.

“საია მიიჩნევს, რომ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც. მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას”,-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომაროების დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და დაამტკიცა. პროექტის საბოლოო ვერსიაში ავტორებმა მიუთითეს, რომ შეზღუდვები დროებითი იქნება და 15 ივლისამდე იმოქმედებს,

პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებები მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი