ახალი ამბები

COVID-19-ის გამო სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

21 მაისი, 2020 • 2028
COVID-19-ის გამო სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილმა მომსახურების საფასურს ეკიპირების ღირებულებაც დაამატა, რაც საშუალოდ  20-30 ლარს შეადგენს.

როგორც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, საფასურის ზრდა ექიმების შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვის გამო მოხდა.

მისივე თქმით, ფასის მომატება დროებითია ღონისძიებაა, რომლის მოხსნაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დასძენს, რომ გაზრდილი თანხა მხოლოდ ეკიპირების საფასურს ფარავს და მასში მოგება ან სხვა საოპერაციო ხარჯი გათვალისიწნებული არ არის.

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კლინიკებს ფასების გაზრდა მოგვიწია. სტომატოლოგია რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობაა განსაკუთრებით გადამდები ინფექციების შემთხვევაში. შესაბამისად, ექიმს და მის ასისტენტს სრული ეკიპირება სჭირდება. ეს დამატებით თანხასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ კლინიკების უმეტესობამ სტომატოლოგიურ მომსახურებას ეკიპირების გადასახადი ცალკე დაამატა. მარტივად რომ ვთქვათ, სტომატოლოგიაში ორი ძირითადი მანიპულაციაა: აქედან ერთის დროს აეროზოლები გამოიყოფა. ეს ინფექციის გადადების თვალსაზრისით უფრო მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციაა. რაც უფრო დიდი რისკის შემცველია სამედიცინო მანიპულაცია, მით უფრო ძლიერი დაცვის საშუალებები [მაგ. აეროზოლისას გამოიყენება N95 რესპირატორი და არა ქირურგიული პირბადე] უნდა იყოს გამოყენებული, რაც ძვირი ღირს. ამიტომ ზოგიერთმა კლინიკამ საშუალო ფასი გამოიყვანა 25-30 ლარი, ზოგმა კი ფასი სამედიცინო მანიპულაციის მიხედვით გაანსაზღვრა”,-ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

კითხვაზე, სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლებს თუ ჰქონდათ კონსულტაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ სხვა სამედიცინო დაწესებულებების მსგავსად, ეკიპირება მათაც უფასოდ მიეღოთ, რაც  პაციენტებს სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს შეუმსუბუქებდა, ალხანიშვილი გვეუბნება, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სტომატოლოგია. ამას ემატება მათი ასისტენტებიც, შესაბამისად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა რთულია.

“ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, რადგან სტომატოლოგები ყველაზე მეტნი ვართ. ამას ემატება ასისტენტიც, რომელიც აუცილებლად იგივე ეკიპირებით უნდა იყოს. ეს დიდი ოდენობით ეკიპირების საშუალებას მოითხოვს, თან დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს ემსახურებიან. ამიტომ ეკიპირებით აღჭურვა [სახელმწიფოს მიერ] ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ძალიან ბევრ ქვეყანაში სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მომსახურება შეაჩერეს კიდეც და გადაუდებელ პაციენტებსაც ვერ იღებდნენ, რადგან ამ დაცვის საშუალებების ძალიან დიდი დეფიციტი იყო.”

8 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 მაისიდან სტომატოლოგიური კლინიკებს შემოწმებას დაიწყებდა. საუბარია იმ კლინიკებზე, რომელთაც გეგმური მომსახურების აღდგენა სურთ. როგოც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვეუბნება, ამ დროისთვის საქმიანობის გაგრძელების ნებართვა 100-ზე მეტ კლინიკას აქვს მიღებული.

ზოგიერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში ფასის გაზრდის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გაავრცელა. როგორც მან Facebook-ზე დაწერა, სადაზღვევო კომპანიები გაზრდილ ფასს არ ანაზღაურებენ და დამატებითი თანხის გადახდა ისევ პაციენტებს უწევთ.

“დღეს დილით მოქალაქემ დარეკა მისი სადზღვევო კომპანიის პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში. მიღებაზე ჩაწერისას იგი გააფრთხილეს, რომ მომსახურების ფასის გარდა დამატებით უნდა გადაიხადოს 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა. დარეკა მეორე კლინიკაში – იგივე. სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ამ 20 ლარს’, – დაწერა ჭიაბერიაშვილმა.

მისი თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარეობს რამდენიმე  კითხვა:

  • მედპერსონალის ეკიპირება სახელმწიფოს საზრუნავია მხოლოდ COVID-19-ის კლინიკებში, ხოლო ყველა დანარჩენ ასეულობით სამედიცინო დაწესებულებაში ეს თავად ამ დაწესებულების საზრუნავია?
  • თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ამბულატორიამ თუ საავადმყოფომ უნდა გააძვიროს მომსახურება და გაძვირებული თანხა პაციენტმა უნდა დაფაროს?
  • თუ მეორე კითხვაზეც პასუხი დადებითია, მაშინ ასეთი კითხვა ჩნდება: თუ ჯანდაცვის სამინისტროს 350 მლნ ლარი ემატება, ნუთუ იგი არ უნდა აფინანსებდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ეკიპირებისა და დაცვის ღონისძიებებს?

“ამ მდგომარეობიდან, გარდა ფინანსური შედეგებისა, კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჯანდაცვის სამინისტრო არც კი გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორი იქნება ინფექციის კონტროლის შიდაჰოსპიტალური მექანიზმები COVID-19-ის კლინიკებს მიღმა”, – წერს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებზე აღჭურვილობას არ გასცემენ. კითხვაზე, იცოდნენ თუ არა მომსახურების გაძვირების შესახებ, უწყებაში გვპასუხობენ, რომ კერძო სტომატოლოგიურ კლინიკებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, ფასის გაზრდა/კლებაზე სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი