რა პირობით და ვისთვის გადავადდება სესხები – საბანკო ასოციაციის განმარტება

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებისთვის იმ პირობებს აქვეყნებს, რომლითაც მათ სესხების გადავადება შეეძლებათ. საქმე ეხება პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური ან/და შემოსავლის წყარო დაკარგეს

დღეს, 21 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს, ან შეუმცირდათ და ბიუჯეტიდან იღებენ კომპენსაციას, საბანკო სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ.

„საბანკო სექტორის მიერ COVID-19-ის პანდემიის დაწყების მომენტიდან მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები და კომერციული ბანკების კლიენტებმა შეძლეს ესარგებლათ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადების პირობით, რომლის მიზანს წარმოადგენდა როგორც კლიენტებისათვის ფინანსური წნეხის შემსუბუქება, ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მათ თავი აერიდებინათ გადაადგილებისაგან, კომერციულ ბანკებში ვიზიტებისაგან და სრულად შეესრულებინათ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები“ ,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია ამბობს, რომ რაკი საქართველომ პანდემიის პიკი გადალახა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა უკვე განაახლა მუშაობა. საბანკო სექტორი მოქალაქეებს შემდეგი სახის თანამშრომლობას სთავაზობს:

ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან. ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.

ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ – შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით , გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილებამიღებული მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

„დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ მომსახურე ბანკს. ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე

გამოთვალეთ: გიღირთ თუ არა სესხის გადავადება