ნეტგაზეთი | საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა – Netgazeti

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონპრექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საუბარია “ტყის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე,  რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

კანონპროექტის კენჭისრამდე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა და აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქოს ვალდებულებები ემატება:

“მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების წინ ვაპირებთ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე და ყველა, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, ვიცით, რომ ამ კანონპროექტით საპატრიარქოს თუკი მიეცემა ტყეები გარკვეული რაოდენობით იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც ტყის ფონდშია განთავსებული, მას მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით, ვიდრე უფლებები.

ისინი მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შექმნას და ა.შ. ისევე, როგორც ყველა სხვა ტყით მოსარგებლეს. ამიტომ, თითქოს ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს ტყის მასივებს, მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფაა”, – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.