ახალი ამბები

საჩხერეში გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

19 მაისი, 2020 • 1501
საჩხერეში გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა

პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა.

ქამუშაძის თქმით, პაციენტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაეწერა კლინიკიდან მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კველვების შედეგად მასზე კორონავირუსის ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პაციენტი მას შემდეგ საკარანტინე სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, სადაც ხელახალი შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხელახალი დადასტურების შემდეგ პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საჩეხერეში დაფიქსირებული შემთხვევა უჩვეულო არ არის. ამის შესახებ იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში დაფიქსირდა, თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევა. იმიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და ჯერჯერობით, ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს, რაც პრაქტიკულად მას ხდის აბსოლუტურად უმართავ დაავადებად. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია, ჩვენ გვყავდა საქართველოში ერთი პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მტარებელი.

ბევრი კამათი იყო იმაზე, რომ როდესაც პაციენტს აღარ აქვს ვირუსი და მერე ისევ გამოუვლინდება, რა ხდება ამ შემთხვევაში: თავიდან ინფიცირებაა იმიტომ, რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ ვირუსი შეინახა ორგანიზმში, ანუ ბევრი თეორიებია. ფაქტი ერთია, რომ ასეთი რაღაცები ხდება ამ დაავადებისას. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული იმის შემდეგ, რაც მასზე ორი ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის პირდაპირ არ ბრუნდება საზოგადოებაში და ისევ გადადის ორკვირიან თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელების შემდგომ”, – განაცხადა იმნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი