ერთი პოლიტპატიმარი ჯერ არ გათავისუფლებულა – მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ მიესალმება პოლიტმატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი მათგანი – გიორგი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია.

დღევანდელ სხდომაზე მაკალისტერმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას და განაცხადა:

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მე მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც [საქართველოში] 15 მაისს მოხდა. ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია. კერძოდ კი, მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, რომელსაც მე ციხეში თავად ვეწვიე 3 წლის წინ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი ჯერ არ გათავისუფლებულა – გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს“, – ამბობს სხდომაზე მაკალისტერი.


გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 15 მაისს დატოვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.