ახალი ამბები

სოფო ხუნწარია ამბობს, რომ არტარეაში ბრუნდება

18 მაისი, 2020 • 1925
სოფო ხუნწარია ამბობს, რომ არტარეაში ბრუნდება

თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას ისევ “არტარეაში”  გააგრძელებს.

მისი თქმითვე, ამ ეტაპზე ტელევიზიაში მუშაობა კულტურის განვითარებისთვის მნიშვიშვნელოვანია. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ასევე მადლობას უხდის თბილისის მერს, კახა კალაძეს “მიცემული შესაძლებლობისთვის”.

“ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ, მეგობრებო. ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ, რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და რომ გვერდში მედგა საქმეში”, – წერს სოფო ხუნწარია.

დღეს, 18 მაისს, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერის მოადგილემ სოფო ხურწაიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხუნწარია კახა კალაძის მოადგილედ 2018 წლის იანვარში დაინიშნა, მანამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სოფო ხუნწარია 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორის, ტელეკომპანიებში- “იბერიასა” და “მზეში”, ხოლო პროდიუსერად- ტელეკომპანია “იმედში”; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “არტარეას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი