ნეტგაზეთი | ეგვიპტეში მოქალაქეებს ხიდს აივნებთან უშენებენ ეგვიპტეში მოქალაქეებს ხიდს აივნებთან უშენებენ – Netgazeti
RU | GE  

ეგვიპტეში მოქალაქეებს ხიდს აივნებთან უშენებენ

“როდესაც მანქანა გაივლის, მგონი, შეგვეძლება, ჩვენს აივანზე ფინჯან ყავაზე შემოვიპატიჟოთ”, – ხუმრობს გიზის საგუბერნატოროს მცხოვრები, რომელსაც ხიდს პირდაპირ აივანთან უშენებენ.

ეგვიპტის სოციალურ მედიაში მშენებლობის ამსახველი კადრების გავრცელებას კრიტიკა და სარკაზმი მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილმა კი მთავრობის დასტურამდე ვერ დაიჯერა, რომ ეს რეალობა იყო და არა ხარისხიანი ფოტომანიპულაციის შედეგი.

მშენებლობის კადრები სოციალურ ქსელებში თავდაპირველად მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა. ფოტოებში ჩანს გიზაში, ჰარამის უბანში სამანქანო გადაადგილებისთვის მშენებარე ხიდი, რომელსაც სულ მცირე მანძილი აშორებს იქვე განლაგებული კორპუსებიდან, ბინების აივნებიდან და ფანჯრებიდან.

ხედი ერთ-ერთი ბინის აივნიდან. წყარო: اليوم السابع

ხედი ერთ-ერთი ბინის აივნიდან. წყარო: اليوم السابع

კრიტიკის შემდეგ, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის აპარატში ცნობების ნამდვილობა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ კორპუსების მცხოვრებთათვის 250 მლნ ეგვიპტური ფუნტია(დაახლ. $16 მლნ.) გამოყოფილი. მშენებლობებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა კი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში თქვა, რომ  არაერთი შენობა, რომლებიც ასე ახლოსაა ხიდთან, უკანონოდ არის აშენებული და მათი ნგრევის ბრძანებაა გაცემული. მისივე თქმით, ნაგებობათა მფლობელები კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

“ყველა ამ შენობის ნგრევასა და მათი მკვიდრების გადაყვანას რომ ველოდოთ, პროექტის დასრულებას 20 წელი დასჭირდება. თუ ვინმე ზიანდება ამით, გავგზავნით კომისიას, რომელიც შესაბამის კომპენსაციას განსაზღვრავს თითეულ ბინაზე და [ადამიანებს] შეეძლებათ, გადავიდნენ”, – აღნიშნა მან და გაიკვირვა, რატომ ვრცელდება ფოტოები სოცმედიაში ახლა, როცა მშენებლობა აქამდეც მიმდინარეობდა.

“ჩვენ ვერ შევწირავთ სახელმწიფოს ინტერესებს ერთ, ორ ან ათ შენობას”, – ასე გამოეხმაურა კრიტიკას ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრი. მისი თქმით, ხიდი უმნიშვნელოვანესია საგუბერნატოროს ინფრასტრუქტურისათვის.

სახელმწიფოს განცხადებების საპასუხოდ, უბნის ერთ-ერთი მცხოვრები პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შენობები ახალი არ არის, ისინი იქ 10 წელია დგას, ხიდის ამ ფორმით მშენებლობა კი მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, კომპენსაციის შესახებ ტელევიზიით გაიგეს და მოქალაქეებთან სასაუბროდ ჯერ არავინ მისულა.

კადრები სოციალური მედიიდან

კადრები სოციალური მედიიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან