ახალი ამბები

ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს პოზიცია უცვლელია – ILGA

15 მაისი, 2020 • 1158
ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს პოზიცია უცვლელია – ILGA

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას ასახავს, საქართველოს 30.2% აქვს. 2019 წლის ანგარიშთან შედარებით ქვეყნის მონაცემებში, პრაქტიკულად, ცვლილება არ შეინიშნება.

რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება, მონაცემები კი ეყრდნობა რიგ კრიტერიუმებს, მათ შორისაა თანასწორობა და დისკრიმინაციის აღკვეთა, სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, გენდერის სამართლებრივი აღიარება და სხეულთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახი და სხვა.

ზემოაღნიშნული შედეგით საქართველო 30-ე პოზიციას იკავებს კვლევაში მონაწილე 49 ქვეყანას შორის. ანგარიშში განხილულია გასულ წელს თბილისში ლგბტ პრაიდის გარშემო განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ლევან ვასაძის მიერ “სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსება პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების აღსაკვეთად.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მსგავსი ჯგუფების შექმნა არალეგალურია,  თუმცა არ განუხორციელებია რაიმე ლეგალური ქმედება”, – აღნიშნავენ ავტორები.

ამავე ნაწილში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შექმნაზე შსს-ში, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერასაც მოიცავს.

თანასწორობისა და დისკრიმინაციის ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლების შემდეგ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა, რაც აძლიერებს მსგავს საკითხბეში სახალხო დამცველის როლს.

გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას “ილგა ევროპა” აღნიშნავს რადიკალური ჯგუფების მცდელობას, ხელი შეეშალათ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებისათვის საქართველოს კინოთეატრებში, ასევე, კიბერ შეტევის ფაქტს “ქალთა საინიციატივო ჯგუფის” ფეისბუქ გვერდზე.

ანგარიშში ასევე საუბარია ტრანსგენერი ადამიანების პრობლემაზე ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის კუთხით.

გასული წლების მსგავსად, საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს სამეზობლოს ქვეყნებთან შედარებით. ისინი რეიტინგის ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან შემდეგი შედეგებით:

  • რუსეთი – 10.2%
  • თურქეთი – 9.83%
  • სომხეთი – 7.49%
  • აზერბაიჯანი – 2.33%

ანგარიშში საუკეთესო მაჩვენებელი, გასული წლების მსგავსად, მალტასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.

კვლევის ფარგლებში, ჯამში, 49 ქვეყანაა შესწავლილი. 0 ქულა მიანიშნებს ყველაზე ნაკლებ დაცულობას, ხოლო 100 ქულა საუკეთესო შედეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა ლიდერია ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი