“არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს” – კუბილიუსი “ოცნებაზე”

ევროპარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, ის ევროკავშირის ნდობას დაკარგავს, ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან. ამის შესახებ კუბილიუსმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროკავშირის მხარდაჭრა დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობს თავის თავში. ამიტომაც ვარ შეშფოთებული. შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მოაწერეს ხელი, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, ის გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლას და სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება. საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართეველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირ არ შევწყვიტოთ ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა ხელისუფლება რისკავს, დაკარგოს ევროკავშირის ნდობა და რწმენა. რწმენის დაკაგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს და მათ შორის ფინანსური დახმარების შესაძლებლობის გაქრობასაც”, – განაცხადა კუბილიუსმა “ტვ პირველთან” საუბარში [“ტვ პირველის” თარგმანი].

კუბილიუსმა ასევე ისაუბრა სანქციების შესახებაც და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეთანხმების ორივე ნაწილს არ შეასრულებს, არ არის გამორიცხული სანქციების დაწესებაც:

“სანქციები კი დამოკიდებულია იმაზე, გვექნება თუ არა საქართველოს დემოკრატიის რწმენა ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. თუ მმართველი გუნდი ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მოვუწოდებ მათ, არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს, რომელიც ოპონენტებს ციხეში უშვებდა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა და არ გვინდა ხელისუფლებამაც ეს ცუდი ბედი გაიზიაროს”, – განაცხადა კუბილიუსმა [“ტვ პირველის” თარგმანი].


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.