ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს და კვლავ აფიქსირებს სურვილს განახორციელოს პორტის პროექტი, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.
კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, “რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი”.
“საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან.
პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, გამომდინარე იმ კრიზისიდან, რაც გამოწვეული იქნა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება – რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები”, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
კონსორციუმის განცხადებით, ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის რაოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, ასევე, დამატებით, სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გლობალურად ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ქვეყანას:
მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია:
სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც საქართველოს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქალაქი ანაკლია, სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად განვითარდება, იქნება თანამედროვე ინოვაციური ქალაქი, გამორჩეული ურბანული დიზაინით, თანამედროვე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირებით, დივერსიფიცირებული სამუშაო შესაძლებლობებით – ლოჯისტიკის, წარმოების, დეველოპერულ, ჯანდაცვის და მრავალ სხვა სექტორში, აქცენტით – მდგრად განვითარებაზე”, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
კონსორციუმის თქმით, ეს არის ის გრძელვადიანი ხედვა, რომლის რეალიზების შემთხვევაში ანაკლია გახდება ახალი რეგიონალური ბიზნეს და ფინანსური ცენტრი, მსხვილი ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკებით, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი სისტემებით, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურით, და ამ ყველაფერმა ერთად უნდა შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პარალელურად, კონსორციუმი მუშაობდა ანაკლიის ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებითაც. მნიშვნელოვანი ინტერესი იყო გამოხატული იაპონელი ინვესტორების მხრიდან ამ ორივე პროექტის მიმართ. 2019 წელს იაპონიის მთავრობამ გამოყო ფინანსური და პროფესიონალური რესურსი, რომ ჩატარებულიყო საჭირო კვლევები და მომზადებულიყო ქალაქ ანაკლიის განვითარების კონცეპტუალური გენგეგმა. იაპონურმა კომპანიამ Nippon Koei-მ იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს გრანტით შეიმუშავა კიდეც ეს კონცეპტუალური გეგმა.
ეს სამუშაოები კვლავ გრძელდება და იაპონელი პარტნიორები მზად არიან გააღრმაონ პარტნიორობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. გარდა ამისა, ანაკლია სითიმ ხელი მოაწერა მემორანდუმს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აზიის განვითარების ბანკთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას პროექტისადმი.
დღეს, როცა იაპონია, აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთი კომპანიების სიმძლავრეების ჩინეთიდან გატანას სხვა ქვეყნებში, საქართველო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით – ხდება მიმზიდველი ადგილი ასეთი კომპანიებისა და მწარმოებლებისთვის.
ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა იქნება უაღრესად დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის.
ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად, თუკი საქართველო მართლაც აპირებს სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, როგორც სატრანსპორტო ჰაბმა და ტრანზიტულმა კორიდორმა. ანაკლიის პროექტის გრძელვადიანი მხარდაჭერა და პორტის გამტარუნარიანობის ეტაპობრივი ზრდა იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიმართულებით. პროექტის დასრულების შემდეგ ანაკლია სითი გახდება საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიზიდულობის ცენტრი, მსოფლიო კლასის ბიზნეს და კულტურული დანიშნულების ადგილი, რომელიც საქართველოს გადააქცევს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ქვეყანად ევროპისა და აზიის გასაყარზე. ამ მიზნის მისაღწევად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია – სპეციალური ეკონომიკური ზონით, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.