ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის (საია) ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას გარდაცვლილი პაციენტის ოჯახისთვის 15 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა 5 000 ათასი ლარის გადახდა მორალური ზიანისთვის, ხოლო 10 000 ლარი- მატერიალური ანუ დაკრძალვის ხარჯებისთვის. საქმე ეხება 2014 წელს ახმეტაში მომხდარ ფაქტს.
საიას ცნობით, სასამართლოს დაღუპული პაციენტის მშობელმა მიმართა, რომლის აზრითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მცდარი სამედიცინო ქმედების გამო მისი შვილი დაიღუპა. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.
“სასამართლომ პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარის [სამედიცინო ცენტრის] ბრალეულობის საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის პაციენტის სავარაუდო ჩივილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძახებაზე მისულ სამედიცინო პერსონალს ელექტროკარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პაციენტის ჩივილების (ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში) მიუხედავად (რომლის შესახებაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის გამოძახების ეტაპზევე იყო ცნობილი), სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო მისთვის ელექტროკარდიოგრამა არ გადაუღია და არც ამ ჩივილებისთვის გათვალისწინებული სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარებია” ,- აცხადებს საია.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, ამის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის გარდაცვალება სამედიცინო პერსონალის მხრიდან მკურნალობის პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. საიას განმარტებითვე, საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ ადგენს პირის ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო სამედიცინო დაწესებულებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
“თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების (საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“) შემდგომ შეცვლილი პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი”, – ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შვილის მოულოდნელი გარდაცვალებით მშობელმა ძლიერი სულიერი სტრესი განიცადა, რაც იძლეოდა პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ შვილის გარდაცვალებით განცდილი ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, მშობლის ჯანმრთელობას მიადგა იმგვარი ზიანი, რასაც შედეგად სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური სტრესი და საბოლოოდ ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვა, აღნიშნული კი სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობად შეაფასა.