ახალი ამბები

“დრო გვიჩვენებს” – კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე

11 მაისი, 2020 • 904
“დრო გვიჩვენებს” – კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის ხმები არ ექნება. მან “რუსთავი 2-ის” ეთერში აღნიშნა, რომ “დრო გვიჩვენებს”, როგორ გაგრძელდება პროცესი.

კობახიძეს წამყვანმა ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცვლილებებს ხმას არ მისცემს: ცვლილებათა პაკეტი ჩავარდება თუ მმართველი პარტია, რომელსაც დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ხმათა საკმარისი რესურსი აქვს, მაინც მიიღებს ამ ცვლილებებს? ირაკლი კობახიძემ კითხვას ასე უპასუხა:

“ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი. ამას დრო გვიჩვენებს. როცა საუბრობს ოპოზიცია ცვლილებების ჩაგდებაზე, ბუნებრივია, ეს არის მუქარა საზოგადოების მიმართ და ეს მუქარა არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება, ბუნებრივია, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ამით რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს იქნება ხაზგასმით ოპოზიციის პასუხისმგებლობა, თუ მათ ჩააგდეს ცვლილებები”.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, იმდენად პრინციპულია თუ არა ოპოზიციის მონაწილეობა პროცესში, რომ შესაძლოა, ცვლილებები ჩავარდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან პროექტს “სრული მხარდაჭერა” ექნება და  8 მარტის შეთანხმების პრინციპებს ბოლომდე გაჰყვება, “დანარჩენი კი ოპოზიციის პასუხისმგებლობაა”.

პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის თქმით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი “უტიფრად სპეკულირებს” და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება.

ამის შემდეგ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნეს, რომ შეთანხმების “სრულად შესრულების” გარეშე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

“შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე მხარს არ დავუჭერთ. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი