ახალი ამბები

მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა

8 მაისი, 2020 • 762
მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა

მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარს, მამა ფიოდორეს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსაურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მანამდე დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, რომ წინამძღვრისათვის ვირუსის დადასტურების შემდეგ, 1-ელ მაისს, ტაძარი დაიკეტა და იქ დეზინფექცია ჩატარდა.

ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქო დამატებით ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს.

განახლება: საპატრიარქოს პრესსამსახურმა ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართველი სასულიერო პირები ვირუსით ინფიცირებულნი არ არიან.

“მამა კახაბერმა[გოგოტიშვილმა] ჩვენთან საუბრისას ბრძანა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა ახალი კორონავირუსი დაახლოებით 1 მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღდველმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ამჟამად covid 19 ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს”, – წერია განცხადებაში.

საპატრიარქო კახაბერ გოგოტიშვილზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ ინფექციის გადადების წყაროდ ზიარების ან ღვთისმსახურების დასახელება უსაფუძვლოა, ვინაიდან “რუსეთის ფედერაციაში ღიაა ყველა დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი, რაც ზრდის ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას.

“1 მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. ვირუსის გავცრელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს”, – აღნიშნავს საპატრიარქო.

განცხადების მიხედვით, 7 მაისს ტემპერატურა აღენიშნებოდა კიდევ ერთ სასულიერო პირს, თუმცა უცნობია, მასაც COVID-19 აქვს, თუ სეზონური გრიპი.

მასალების გადაბეჭდვის წესი