ნეტგაზეთი | რატომ ელოდებოდნენ ძველად თბილისში 7 მაისის წვიმას რატომ ელოდებოდნენ ძველად თბილისში 7 მაისის წვიმას – Netgazeti
RU | GE  

რატომ ელოდებოდნენ ძველად თბილისში 7 მაისის წვიმას

“თბილისისთვის ძველად 7 მაისს ვინმეს ზემოდან დრონით რომ დაეხედა, ეს იყო აჭრელებული, მომლოდინე ქალაქი, რომელიც ელოდებოდა ერთი წვეთი წვიმის მოსვლასაც კი”, – ამბობს კულტუროლოგი და “თბილისის ჰამქრის” წევრი ცირა ელისაშვილი 7 მაისის წვიმის ლეგენდაზე საუბრისას, რომელსაც საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინ თბილისში ჯერ კიდევ მიჰყვებოდნენ და სახალხო დღესასწაულებსაც მართავდნენ.

თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.

არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი. თუმცა ცირა ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ლეგენდა ქალაქში XIX საუკუნემდე უკვე არსებობდა.

“…თვითონ ამ დღის შინაარსობრივი მხარე უკავშირდება ბანიან ქალაქს, ბანიანი ქალაქი კი 1795 წლამდე არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდა XIX საუკუნემდეც არსებობდა.

XIX საუკუნეში ეს ტრადიცია გადმოვიდა და თუ ბანიანი ქალაქი აღარ იყო, უკვე აივნიან ქალაქებზე გადმოინაცვლა. ის საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო”, – ამბობს ის.

ლეგენდის აღსრულებას, რომელიც ქალაქმა თავად შეთხზა, მოსახლეობა შესაბამისი სამზადისით ხვდებოდა. 7 მაისი თბილისში დღესასწაულს ჰგავდა, თავისი ყველა ელემენტით: განწყობიდან – ფერებამდე.

“[წვიმის] მოლოდინი იყო მნიშვნელოვანი. გამოჰქონდათ ბანებზე ჭრელი ფარდაგები, დებდნენ ტკბილეულს, იყო გადაძახილები, სიმღერები, ცეკვები… ამ ყველაფრის თეატრალურ მიზანსცენას თუ აღვიდგენთ, ძალიან ლამაზ სანახაობა იქნებოდა”, – აღნიშნავს ცირა ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მოლოდინი განსაკუთრებით დიდი იყო ახალგაზრდა, დაუქორწინებელ ქალებში, რომლებიც თმას იშლიდნენ და ცდილობდნენ, ასე შეეშროთ წვიმის წვეთები ბედნიერი მომავლის იმედით, რომელიც მაშინ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ქორწინებასთან იყო გაიგივებული.

ბანებიან ქალაქში დაბადებულმა ლეგენდამ გაუძლო თბილისის იერსახის ცვლას და, როგორც ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, აივნებიან ქალაქშიც განაგრძო არსებობა. თუმცა საბჭოთა ანექსიის შემდეგ, მრავალი სხვა რწმენა-წარმოდგენისა თუ ტრადიციის მსგავსად, 7 მაისის ტრადიციაც დიდწილად გაუჩინარდა თბილისის ყოფიდან.

“…თუმცა [ეს ლეგენდა] თაობებს ახსოვდათ ნამდვილად და ჩვენი დედების და ბებიების თაობა მას უკვე იხსენებდა როგორც ტრადიციას, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ ერთ დროს იყო”.

2006 წელს “თბილისის ჰამქარმა” გადაწყვიტა, მოქალაქეებისთვის მივიწყებული ლეგენდა შეეხსენებინა და, როგორც ცირა ელისაშვილი გვიყვება, ახლა 7 მაისის წვიმის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე უწინ.

ლეგენდა ქართულ ზეპირსიტყვიერებასაც შემორჩა. ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:

“შვიდი მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.

შვიდი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.

შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო”.

ქალაქი წვიმას უწინდელი სიხარულით დღეს აღარ ელის, თუმცა თბილისში 2020 წლის 7 მაისსაც იწვიმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან