ახალი ამბები

Facebook-მა “სპუტნიკთან” დაკავშირებული ქსელიც გააუქმა – ბენიძე

6 მაისი, 2020 • 1220
Facebook-მა “სპუტნიკთან” დაკავშირებული ქსელიც გააუქმა – ბენიძე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, Facebook-მა გააუქმა “სპუტნიკის” ქსელიც, რომელზეც ISFED-მა ანგარიში გამოაქვეყნა.

“სამართლიანმა არჩევნებმა” 8 აპრილს განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში რუსული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა აღმოაჩინა. „ფეისბუქის“ ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ „ფეისბუქის“ ყალბი პირადი ანგარიშები და გარკვეული თემატური ფეისბუქ-გვერდები „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების გასავრცელებლად არაავთენტურ კოორდინირებულ სქემას ქმნიან. საუბარია “სპუტნიკთან” დაკავშირებულ 17 სავარაუდო არაავთენტურ ანგარიშზე, 11 ყალბ, შენიღბულ ფეისბუქ-გვერდზე და 41 საჯარო ფეისბუქ- ჯგუფზე, სადაც  „სპუტნიკის“ მასალები “საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად” ვრცელდება.

მიხეილ ბენიძის თქმით, Facebook-მა მასთან კომუნიკაციაში დაადასტურა “სპუტნიკთან” დაკავშირებული ქსელის გაუქმება. თუმცა თავად “სპუტნიკ -საქართველოს” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი Facebook-ზე ხელმისაწვდომია.

“როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა “ფეისბუქის” მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები.), მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა. ნელ-ნელა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათი შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ ქსელები, რადგან რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, მით მეტად შეძლებს მათი ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები, რომ ამ გამოცდილებაზე “ისწავლოს” და დროულად დაიჭირონ ახალი არაავთენტური ოპერაციები”, – ამბობს ბენიძე.

Facebook-მა კოორდინირებული არააუთენტური ქცევის გამო მიმდინარე წლის აპრილში, რუსეთში, ირანში, აშშ-ში, საქართველოში, მიანმარსა და მავრიტანიაში 732 ფეისბუქ ანგარიში, 793 გვერდი, 200 ჯგუფი და 162 ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა.

ფეისბუქმა 5 მაისს განცხადება ასევე გაავრცელა ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ასეულობით ანგარიშის წაშლის შესახებ.

ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

FB-ში “სპუტნიკის” მასალების გავრცელების საეჭვო სქემა აღმოვაჩინეთ – ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი