ნეტგაზეთი | ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს, ევროპასთან ერთად აღინიშნოს – MDF-ის კამპანია ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს, ევროპასთან ერთად აღინიშნოს – MDF-ის კამპანია – Netgazeti

ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს, ევროპასთან ერთად აღინიშნოს – MDF-ის კამპანია

მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწყებს ახალ საინფორმაციო კამპანიას “გამარჯვების დღე #ევროპასთანერთად” და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ.

მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, ინიციატივის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს კრემლი მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას და სიმბოლიზმს, მათ შორის, “უკვდავ პოლკს” და წმინდა გიორგის ლენტს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. MDF-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრემლის მიერ დაფინანსებული “უკვდავი პოლკის” კამპანიაზეა ფოკუსირებული, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გააზირონ ის და გამარჯვების დღე აღნიშნონ 8 მაისს, ჰეშთეგით #ევროპასთანერთად.

“მილიონობით ადამიანმა საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ევროპიდან და ამერიკიდან თავისი სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომში თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ თავგანწირვას და უფლება არ მივცეთ კრემლს, მათი ხსოვნა საკუთარი ამჟამინდელი აგრესიული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ჩვენი კამპანია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ დავუშვათ კრემლის მხრიდან მათი ხსოვნით ცინიკური მანიპულირების მცდელობა და გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს აღვნიშნოთ”, – აცხადებს MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, როცა დასავლეთი ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რუსეთი ამ მოვლენას 9 მაისს “უკვდავი პოლკის” მსვლელობით ხვდება.

“საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე აპელირებით კრემლი ცდილობს, ეს დღე საკუთარი საგარეო გავლენის ბერკეტად გამოიყენოს. “უკვდავი პოლკის” მარშის იდეა, სადაც ადამიანები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წინაპრების ფოტოებით
გამოდიან, სამ რუს მეგობარს ეკუთვნის. პირველი მარში 2012 წელს გაიმართა და იდეამ სწრაფად მოიცვა მთელი რუსეთი, რის შემდეგაც 2014 წელს მარშს კრემლი დაეპატრონა, იდეის ავტორები განდევნა და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. შემთხვევითი არაა, რომ “უკვდავი პოლკის” მარშის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმინდა გიორგის ლენტი გახდა სიმბოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და “ნოვოროსიის” ანუ “ახალი რუსეთის” კონცეფციის”, – ამბობს მედიის განვითარების ფონდი.

ახალმა კორონავირუსმა ქუჩებში “უკვდავი პოლკის” მსვლელობას ხელი შეუშალა, თუმცა მარში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. “უკვდავი პოლკის” სახელით საქართველოში ორი სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. მეორე ჯგუფი 9 მაისს თბილისის თავზე “გეორგიევსკის დროშის” გადაფრენას დრონების საშუალებით გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.