ახალი ამბები

მღვდელმთავარი ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ

4 მაისი, 2020 • 3273
მღვდელმთავარი ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ

მსოფლიოში არაერთი მეცნიერი მუშაობს, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე 250 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ეფექტური ვაქცინა შექმნას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია კი კორონავირუსის ჯერ არშექმნილ ვაქცინას ქადაგებისას დაუპირისპირდა და “ეშმაკის ხელში ადამიანების კონტორლის იარაღი” უწოდა. ეს ქადაგება და მღველმთავრის მიერ გავრცელებული ანტივაქსერული ინფორმცია, რომელიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება, ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში.

“დღევანდელი ვირუსი ეს არის საშუალება, ეშმაკის ხელში ადამინები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა, არასაბედისწერო. ამის საწინაარმდეგოდ, ჯერ ასე ვიტყვი მხოლოდ და ალბათ მოვა დრო, როცა უფრო მასშტაბურად და მკაცრად მოგვიწევს ამაზე საუბარი, შემოთავაზებული იქნება ადამინებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ვყელაფერი. დაფიქრდით, სწორი დასკვნები გააკეთეთ”, – მიმართავს მიტრპოლიტი საბა მრევლს.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მსოფლიოში, ამ დროის მონაცემებით, 3 მილიონ-ნახევარი ადამიანი დაინფიცირდა. საქართველოში გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსოფლიოში ამ დრომდე არ არსებობს ვირუსის საბრძოლველი პირდაპირი პრეპარატი და ჯერ არც მისი საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილა, თუმცა ცნობილი ის, რომ ვირუსს გრიპთან შედარებით გადადების მაღალი მაჩვენებელი აქვს და სწორედ ამის გამო ურჩევენ ადამიანებს ფიზიკურ დისტანცირებას და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას, რათა მაღალი მიმართვიანობის გამო ჰოსპიტალური სექტორი არ ჩამოიშალოს.

როგორც BBC წერს, რთულია იმის თქმა, მსოფლიო მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას მომავალში, ვაქცინის გამოგონების შემთხვევაში დაავადების გავრცლება რომ შეჩერდეს და საერთო იმუნიტეტის გამომუშავება მოხდეს. თუმცა, სავარაუდოდ, დედამიწის მოსახლეობის 60-70 პროცენტის ვაქცინაცია მაინც იქნება საჭირო, რაც მილიარდობით ადამიანს ნიშნავს.

მართალია, ჯერ კორონავირუსის ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ მსოფლიოსა და საქართველოში მილიონობით ადამიანი გამოიყენებს სხვა დაავადებების საწინააღმდეგო წამლებს და იცრება სხვა არაერთი ავადმყოფობის წინააღმდეგ: ტუბერკულოზის, წითელას, წითურას, ინფლუენზას, ტეტანუსის და ა.შ. შესაბამისად, უცნობია, რაზე დაყრდნობით ფიქრობს მიტროპოლიტი საბა, რომ ანტიქრისტეს მაინცდამაინც კორონავირუსის ვაქცინა სჭირდება “ხალხის მანიპულირებისთვის” და აქამდე არ გამოიყენა სხვა პრეპარატი ან ვაქცინა, თუ ასეთი შესაძლებლობები ჰქონდა – თეოლოგები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამ მიდგომას რელიგიური ფანატიზმით ხსნიან, რომელიც პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

თეოლოგი ლადო წითლიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ავტოკეფალური ეკლესია მედიცინას ასე დაპირისპირებოდა. თეოლოგის თქმით, მსგავი რამ არცერთ ეპოქასა თუ ეკლესიაში მომხდარა:

“ეკლესიის ისტორიაში ვერ იპოვით შემთხვევას, რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, მსოფლიო კრებებს, რომელიც უმაღლესი ორგანოა მართლმადიდებლურ სამყაროში და სულ შვიდი იყო მე-10 საუკუნემდე, რაიმე მსგავსი ეთქვა, რომ თითქოს პრეპარატები არ უნდა გამოვიყენოთ და მხოლოდ ზიარებაა საკმარისი დაავადებების სამკურნალოდ, ეს სრული აბსურდია. არცერთ ეპოქაში ეკლესია არ ამცირებდა მედიცინის როლს”, – ამბობს წითლიძე.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები აპოკალიპტურ სცენარს ხატავენ, რომ თითქოს მათ ბოროტი ძალები ებრძვიან, შედეგად კი სურთ თავად გამოჩნდნენ ღირსების, მართლმადიდებლობისა და ეროვნულობის სადარაჯოზე, რითაც ლეგიტიმაციას ინარჩუნებენ:

“მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეპისკოპოსების უმრავლესობა თუ არა, ყველა, პატრიარქის ჩათვლით, კარგ სამედიცინო მომსახურებას იყენებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და თუ ზიარება შველის [დაავადებას], ყველაზე მეტად თვითონ ეზიარებიან”, – აღნიშნავს წითლიძე.

ილია მეორე და ეპისკოპოსი დიმიტრი გერმანიაში, კლინიკაში პატრიარქის ოპერაციის შემდეგ

ლადო წითლიძის თქმით, ცალკეული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებდნენ, ეკლესიებში იყვნენ, თუმცა ასეთი ფართომასშტაბიანი სახე ამ პროცესს 15 ავტოკეფალური ეკლესიიდან არცერთში ჰქონია:

“მიუხედავად იმისა, რომ ეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ არის და არც გააკეთებს, რა თქმა უნდა, ის ჯდება საპატრიარქოს მიერ პროპაგანდირებულ მთლიან იდეოლოგიურ სურათში, რასაც ისინი წლებია ავითარებენ. შეთქმულების თეორიები, რომ მათ ებრძვის დასავლეთი, ცდილობენ ადამიანების დაჩიპვას. ეს ნარატივი 30 წელია ეკლესიის 90 პროცენტში მუსირებს.

პირდაპირ ამბობს [მიტროპოლიტი საბა] ,ხელისუფლების მოწოდებები ემსახურებოდა ხალხის დაბრკოლებას ღმერთთან მისასვლელადო. ეკლესიამ რაც გააკეთა, ეს იყო დემონსტრირება, რომ თითქოს რაღაც ძალას ფლობენ, რომელსაც ვერანაირი კორონა ვერ დაემუქრება. ეს წარმოდგენა ვერ დათმეს”, – აღნიშნავს თეოლოგი.

ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ მღვდელს, ბასილ კობახიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი მესიჯები პატრიარქისა და სხვა მიტროპოლიტების ქადაგებებშიც გვხვდება, რამდენადაც ეკლესია, კობახიძის თქმით, თვებია უარყოფს გლობალურ პანდემიას და მის საშიშროებას

“მიტროპოლიტ საბას ქადაგება პირველი არაა, აქ პრობლემაა, რომ ეკლესია, როგორც ეს ჩანს მიტროპოლიტ საბას ქადაგებაში და ასევე პატრიარქისა და სხვა მიტროპოლიტების თუ მღვდლების ქადაგებაში… ისინი უვკე თვეებია უარყოფენ გლობალურ პანდემიას, მის საშიშროებას, და დღეს მიტროპოლიტმა საბამ ისიც თქვა, თუკი ვაქცინას გამოიგონებენო, ეს ვაქცინაც არ მიიღოთ იმიტომ, რომ ის იქნება ეშმაკის ხელში იარაღი თქვენით მანიპულირებისთვოსო” ,- ამბობს ბასილ კობახიძე.

ბასილ კობახიძე, რომელსაც ბოლო წლებში ღვთისმახურების შესაძლებლობასაც არ აძლევდნენ და 2006 წელს იძულებული გახდა, მღვდლობა დაეტოვებინა, აცხადებს, რომ ისტორიის მანძილზე კაცობრიობის ყოველდღიურობა იყო სხვადსხვა ეპიდემია და ის ნეიტრალური მოვლენაა, სასულიერო იერარქები მართლმადიდებელი ეკლესიიდან კი მას ეშმაკს და რელიგიურ მისტიკას უკავშირებენ:

“ჩვენ გვახსენდება რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომ ქრონიკული ავადმყოფები უნდა დაიხოცონ და ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა. ინტერნეტის ეპოქაში ჩვენ ვხედავთ სხვა მღვდლების ქადაგებებშიც. კერძოდ, ვირუსის დაკავშირებას ეშმაკთან და რელიგიურ მისტიკასთან, როცა ვირუსი ეს არის ნეიტრალური მოვლენა და ისტორიას რომ გადავხედოთ: როგორც მთელი კაცობრიობის, ისე ქართველი ხალხის და ეკლესიის ყოველდღიურობა იყო სხვადასხვა ეპიდემია, მაგრამ ფუნდამენტალისტები რომ არიან ჩვენს ეკლესიაში, სწორედ ასეთი სლოგანებით უდგებიან” ,- ამბობს კობახიძე.

ბასილ კობახიძის თქმით, საპატრიარქო ერთადერთი ინსტიტუციაა ქვეყანაში, რომელსაც ხალხი ენდობა და მისი შეფასებით, დაუმსახურებელი ავტორიტეტი აქვს. კობახიძის თქმით, პანდემიის დროსაც ხალხი მღვდლებსა და ეპისკოპოსებთან ამოწმებს ექიმების სიტყვებს, ეკლესია კი, მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის საშიშ ფანატიზმშია ჩაფლული;

“ეკლესიაში არის უკიდურესი გაუნათლებლობა და ფანატიკური აღტკინება. მეუფე საბა რასაც ამბობს, ხომ შეძლება თვითონაც დაემართოს. ფაქტობრივად, თვითმკვლელი ტერორისტები გახდნენ რელიგიური მოტივებით. თავის თავსაც წირავენ და ახლობლებსაც. ეს არის წლების განმავლობაში პირადად პატრიარქ ილია მეორის მიერ დანერგილი ფანატიკური აღტკინება, რომელიც არის გაჯერებული მეორედ მოსვლის შიშებით, რითაც ისინი დიდი ხანია მრევლით მანიპულირებენ” ,- ამბობს კობახიძე.

“ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებამ დაუშვა და ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ჩვენი მთავრობა იურისდიქციას არა მხოლოდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, არამედ ეკლესიაშიც ვერ ახორციელებს. ეკლესია არის სხვა ტერიტორია და რასაც უნდა იმას აკეთებს. ახლა ხედავთ, რომ საზოგადოების სიცოცხლისთვის საშიშ ფანატიზმშია ჩაფულული და საზოგადოებასაც არ აქვს ამაზე რეაქცია, რაც ყველაზე დიდი და მწარე შეცდომაა, რომელიც დამთავრდება კატასტროფით”, –  ამბობს კობახიძე.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის განცხადებებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა მიტროპოლიტი საბას ამ განცხადებას საპატრიარქოში. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი