გერმანიაში შესაძლოა 10-ჯერ მეტი ადამიანი იყოს ინფიცირებული — კვლევის წინასწარი შედეგები

ბონის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, შესაძლოა, გერმანიაში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დღეისთვის ცნობილ რიცხვზე 10-ჯერ მეტია. როგორც „გარდიანი“ წერს, მკვლევრებმა კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში იმუშავეს.

„გარდიანის“ ცნობით, გამოქვეყნებულია კვლევის წინასწარი შედეგები და საჭიროა მისი სხვა მეცნიერების მიერ შეფასება, სამეცნიერო ჟურნალში რომ დაიბეჭდოს

როგორც მკვლევრები ამბობენ, მათი ანალიზით გერმანიაში მცხოვრები 1,8 მილიონი დაავადდა ან დაავადებულია კორონავირუსით. ამჟამად ცნობილია მხოლოდ 160 000 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 5 დაავადებულიდან 1-ს სიმპტომები არ აღენიშნება.

„ეს შედეგები შეიძლება დაგვეხმაროს ვირუსის გავრცელების გამოსათვლელი მოდელების გაუმჯობესებაში. ამჟამად არსებული მონაცემები სუსტია“, — აცხადებს გიუნტერ ჰარტმანი, ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც კვლევა ჰენდრიკ შტრეეკთან ერთად ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში გუნდმა გააანალიზა ჰაინსბერგის მუნიციპალიტეტის ქალაქში (სადაც გერმანიაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია დაფიქსირებული) მცხოვრები 919 შემთხვევით შერჩეული ადამიანის სისხლის ანალიზები და ნაცხები.

გაეცანით ინტერვიუს ჰენდრიკ შტრეეკთან ჰაინსბერგის  კვლევებთან დაკავშირებით

სუპერმარკეტში ინფიცირების ცალკეული შემთხვევები არაა პრობლემა-გერმანელი ვირუსოლოგი