საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. შესაბამისად, ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა დასაშვები იქნება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა ეს ქალაქებიც გაიხსნას:
“მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში. ეს არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში.
თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გაომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, კვირის ბოლომდე ეს საკითხი თბილისსა და რუსთავზეც დადებითად გადაწყდება” ,- ამბობს გახარია.
4 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 223 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.
