ცენზორის მოთხოვნით, Designated Survivor-ის ერთ-ერთ სერიაზე თურქეთში წვდომა შეიზღუდა

კომპანია Netflix-მა თურქეთის ტერიტორიაზე სერიალ “ბოლო კანდიდატის”(Designated Survivor) ერთ-ერთ სერიაზე წვდომა შეზღუდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მოთხოვნით მას თურქულმა მარეგულირებელმა მიმართა. ინფორმაციას ავრცელებენ ამერიკული გამოცემები- Variety  და Deadline.

ცნობების თანახმად, საუბარია სერიალის მეორე სეზონის მეშვიდე ეპიზოდზე, რომელშიც თურქეთის გამოგონილი პრეზიდენტი ფათიჰ თურანია წარმოდგენილი. ის აშშ-ში იმყოფება ნატოს სამიტზე დასასწრებად და იქ ამერიკელ კოლეგასაც ხვდება, პარალელურად კი სამშობლოში ოპოზიციის მძლავრი კრიტიკის ქვეშაა. ამასთან, სერიაში ჩანს გამოგონილი პერსონაჟი სახელად ნური შაჰინი, რომელზეც ნათქვამია, რომ ცხოვრობს აშშ-ში და თურქეთში გადატრიალების მოწყობას გეგმავს. პერსონაჟი შეფასებულია, როგორც “ბოლო იმედი დემოკრატული და სეკულარული თურქეთისთვის”.

“თურქული მარეგულირებლის მოთხოვნის შემდეგ ეპიზოდი ამოვიღეთ Netflix-დან მხოლოდ თურქეთში, ადილობრივი კანონის დასაცავად”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც ზემოაღნიშნული გამოცემები ავრცელებენ.

Variety-ის თანახმად, 2019 წელს ცხრა შემთხვევა გამოვლინდა, როცა კომპანიას ცენზორების მოთხოვნების გათვალისწინება მოუხდა მსოფლიოს მასშტაბით.

“თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს” ზემოქმედების ბერკეტები გასულ წელს მეტად გაფართოვდა. თურქული Bianet-ის ცნობით, 2019 წელს თურქეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა კანონი, რომლის თანახმადაც, ინტერნეტ პლატფორმებმა, როგორიცაა Netflix, ლიცენზია სწორედ მარეგულირებლისაგან უნდა მიიღონ. აღნიშნულმა პლატფორმებმა უნდა დააფუძნონ ადგილობრივი კომპანიები თურქეთში და გადაიხადონ გადასახადები.