სახელმწიფო ვერ პასუხობს ლგბტქ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს – კოალიცია

“კოალიცია თანასწორობისთვის” მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების ქმედებები ვერ პასუხობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ადამიანთა საჭიროებებს. კოალიციის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მაისის ბოლომდე გაგრძელებამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი სამსახური და  ოჯახებიდანაც გარიყულები არიან.

“2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა, რომლებზეც კრიზისმა და მასთან გამკლავების გზად არჩეულმა სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის სტრატეგიამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა: თვითდასაქმებული და პრეკარიატულ შრომაში (მომსახურების სერვისები) ჩართული ადამიანები – მეტწილად ქალები (მათ შორის, ძიძები, დამლაგებლები, მომვლელები), მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები, სექსსამუშაოში ჩართული ქალები და სხვა”, – აცხადებს კოალიცია, რომელიც საქართველოში უფლებადაცვით სფეროში მომუშავე 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის შეფასებით, სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმაში არც ლგბტქი ადამიანების საჭიროებებია გათვალისწინებული. მოცემულ მდგომარეობაში, შემოსავლის და სამუშაოს გარეშე დარჩენილ ქვიარ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრთა მხარდაჭერით ან საზოგადოების სოლიდარობით ვერ სარგებლობს, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. მათი გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩა. არასამთავრობოებისვე შეფასებით, კრიზისის დაძლევის პროცესში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეაგირება სათემო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ფრაგმენტულია და პროაქტიულად არ პასუხობს დღის წესრიგში მდგარ კომპლექსურ გამოწვევებს.

“კოალიცია თანასწორობისთვის” მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ უშუალოდ სათემო ორგანიზაციებისთვის გადაცემული რამდენიმე ათეული ყუთი საკვებისა და პირადი ჰიგიენის პაკეტით, რომელიც პირველივე დღეებში საჭიროებების შესაბამისად დარიგდა ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების ჯგუფებში, ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარების აქტია და შეუძლებელია ეს ლგბტქი თემის ზოგად თუ ამჟამინდელ კრიზისულ საჭიროებებზე ადეკვატურ პასუხად ჩაითვალოს.

“სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ეს საჭიროებები კომპლექსურია და გაითვალისწინოს, რომ ბევრი ქვიარ ადამიანი, რომელსაც პანდემიის პირობებში საცხოვრისის პრობლემა დაუდგა, ხშირად ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან ოჯახიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო მოკვეთილი და დევნილია. მათ გაწყვეტილი აქვთ კავშირი ოჯახის წევრებთან და, შესაბამისად, მათი  დაბრუნება ოჯახში სარისკო და შეუძლებელია.

სტრუქტურული და სისტემური ჰომო/ბო/ტრანსფობია, რომელიც ამგვარ განწყობებს სოციალურადაც აწარმოებს, სახელმწიფოს მხრიდან მრავალი წელია გამოხატულია პოლიტიკური ნების უქონლობაში, შეცვალოს ქვიარ ადამიანებისადმი დამოკიდებულების მძიმე მემკვიდრეობა, და შექმნას სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და მასთან გადაჯაჭვული ეკონომიკური, შრომითი, ჯანდაცვითი უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მიმართული, პროგრესული სოციალური პოლიტიკის პროექტი”, – აცხადებს “კოალიცია თანასწორობისთვის”.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები მოუწოდებენ სახელმწიფოს:

კოალიციის წევრები არიან: