ახალი ამბები

ვის შეუწყდება დაფინანსება #15 დადგენილების საფუძველზე, დღის ბოლოს გახდება ცნობილი

1 მაისი, 2020 • 1161
ვის შეუწყდება დაფინანსება #15 დადგენილების საფუძველზე, დღის ბოლოს გახდება ცნობილი

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მთავრობის მე-15 დადგენილებით შესაძლოა დაფინანსება შეუწყდეს.

“გარკვეულ დაწესებულებებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და  ინფორმაციას დღის ბოლომდე გავავრცელებთ” ,- უთხრეს ნეტგაზეთს სამინისტროში.

მთავრობის დადგენილება, რომელიც დაფინანსების წესს განსაზღვრავს, დღეს, 1 მაისს, შევიდა ძალაში.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დადგენილების ამოქმედების საკითხზე სამინისტროში მსჯელობა გაიმართებოდა:

“ამასთან დაკავშირებით 18 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ დაბებში და, ცხადია, მოსახლეობის დაფარვიდან და ბენეფიცირების რაოდენობიდან გამომდინარე ვერ აღწევენ 13 000-ს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები.”

მთავრობის მიერ მიმდინარე წლის იანვარში მიღებული დადგენილების შეჩერებას ოპოზიციაში ითხოვენ. “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს, მეტიც, მთავრობა სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს დაფინანსებას უნდა უზრდიდეს. ამასთან, აცხადებს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ პერსონალს.

მთავრობის მე-15 დადგენილებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების (კაპიტაციური – სულადობრივი ანაზღაურება) მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 30 აპრილის მდგომარეობით, 13,000-ზე ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი