Covid-19-ის კრიზისის გამო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მაისის ნაცვლად სექტემბერში გაიმართება, თუმცა მანამდე გამოფენა-გაყიდვა ონლაინ რეჟიმში შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა.
“ ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან შეთანხმებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მანამდე კი, 30 და 31 მაისს – ფესტივალის ტრადიციულ დროს – წიგნის გამოფენა-გაყიდვა ონლაინ სივრცეში შედგება. ორგანიზატორების თქმით, მკითხველს ფასდაკლებებს აქაც შესთავაზებენ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად, 1997 წლიდან იმართება.