მაშველებმა 27 აპრილს დაკარგული კაცის ცხედარი ალაზანში იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა თელავში გაუჩინარებული კაცის ცხედარი ალაზანში იპოვეს. გარდაცვლილია 80 წლის კაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა და 27 აპრილის შემდეგ ეძებდნენ.

“ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების მიღებისთანავე, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.