პრაღის მერს, ზდენეკ ჰრიბს უკვე რამდენიმე კვირაა პოლიცია იცავს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ის და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსი შესაძლოა რუსეთის მხრიდან მოწამვლის გეგმის სამიზნეები გამხდარიყვნენ.
ჰრიბმა Ekho Moskvy-სთან ინტერვიუში დაადასტურდა ზემოხსენებული და თქვა, რომ მას პოლიცია რამდენიმე კვირაა, რაც იცავს. ის ბევრ დეტალზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს:
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს [მოწამვლის გეგმა] დადგინდა კათოლიკური აღდგომის დროს, ანუ, დაახლოებით ორი კვირის წინ“, – უყვება მერი Ekho Moskvy-ს.
მისივე განმარტებით, მის სახლს სამართალდამცველები იცავენ – „იმიტომ, რომ ეს არის რისკი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც“.
The Guardian-ის თანახმად, საუბარია ჩეხურ ყოველკვირეულ ჟურნალზე – Respekt-ზე, რომლის თანახმადაც, რამდენიმე კვირის წინ პრაღაში „რუსული დიპლომატიური საბუთების“ მქონე პირი ჩავიდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჰრიბისა და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსის – ონდრეი კოლარის მოკვლა.
თავის მხრივ, ონდრეი კოლარი პრაღის მეექვსე რაიონის მერია.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ პირს თან უნდა ჰქონოდა ჩემოდანი, რომელშიც ექნებოდა მომაკვდინებელი ნივთიერება – რიცინი. სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით, რიცინის მცირე რაოდენობამაც კი (1 მკგ/კგ-ზე) შეიძლება გამო იწვიოს ლეტალური შედეგი.
RFE/RL მოწამვლის გეგმას უკავშირებს ჰრიბის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის – ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.
რაც შეეხება კოლარს, კრემლმა იმიტომ გააკრიტიკა, რომ პრაღის მეექვსე რაიონში საბჭოთა კავშირის დროს დადგმული ძეგლი აიღო.