ახალი ამბები

თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

27 აპრილი, 2020 • 2738
თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. მერიის ცნობითვე, პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

მერიის ცნობით, “სქროლი” აჭარაჯგუფის კომპანიაა.

ამ ეტაპზე ელექტროსკუტერით პირველი ათი წუთით სარგბელობა უფასოა. მეორედ, სკუტერის ჩართვა 1 ლარი ღირს ხოლო თითოეული წუთი 0.35 თეთერი. ანუ მეორე 10 წუთის ფასი 4.5 ლარი გამოდის, 20 წუთის – 8 ლარი და ა.შ.

“პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი”,-აცხადებენ მერიაში.

ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. მერიის ინფორმაციით, ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.

“მინდა მადლობა გადავუხადო „აჭარა ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის, მათი თანადგომითა და მხარდაჭერით მოხდა ამ პროექტის განხორციელება. ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია, ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ეს არის კომპანია Bird , რომელიც ამერიკული სტარტაპია და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს”.- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

შენიშვნა – სტატიას დაემატა სკუტერით საგრბელობის ფასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი