ახალი ამბები

იანუკოვიჩი რომ დაინიშნოს საქართველოს ვიცე-პრემიერად, რას მოიმოქედებენ უკრაინელები – კობახიძე

24 აპრილი, 2020 • 2390
იანუკოვიჩი რომ დაინიშნოს საქართველოს ვიცე-პრემიერად, რას მოიმოქედებენ უკრაინელები – კობახიძე

საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” კონსულტაციები აქვს უკრაინის “რადას” წევრებთან, რათა მათ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.

როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ბუნებრივია, რადგან მათ იციან, როგორი მმართველია სინამდვილეში სააკაშვილი. ამასთან, კობახიძე იმედოვნებს, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში “რაციონალურ” გადაწყვეტილებას მიიღებენ და სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

“ბუნებრივია, ამაზე რეაქცია გვექნება, რადგან თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნებოდა არამეგობრული ნაბიჯი. გვაქვს კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან უკრაინის პარლამენტში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მმართველ პარტიასთან. არაერთი მეგობარი გვყვავს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობთ, მათ შორის ჩვენი კონსულტაციების საფუძველზე, უკრაინელი დეპუტატები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კარგად ვიცით, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფოს სამსახურში და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. ამას, ბუნებრივია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არ ვუსურვებთ. კითხვას დავსვამ, რას მოიმოქმედებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა, მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე?! მათი რეაქცია აბსოლუტურად იგივე იქნებოდა, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია საკუთარ ქვეყანას, რაც სააკაშვილმა-საქართველოს. ამიტომ ჩვენი პოზიცია აბოსულუტურად ბუნებრივია”,-ამბობს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო. პარასკევს, 24 აპრილს სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ უკვე შეხვდა რადაში ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი