ახალი ამბები

მზად ვართ, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა განვიხილოთ — ლავროვი

21 აპრილი, 2020 • 3405
მზად ვართ, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა განვიხილოთ — ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „ტასს“ ავრცელებს.

თუმცა ლავროვი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთავაზება ქართული მხარისგან უნდა წამოვიდეს.

„მზად ვიქნებით, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგანაც ჩვენ არ ვყოფილვართ მათი შეწყვეტის ინიციატორები. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ქართველი კოლეგები როდის შეუდგებიან ამ საკითხის განხილვას. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებს გარკვეული შეთანხმებების არსებობას. არ ვფიქრობ, რომ ეს უცებ შემატებს რაღაც უპირატესობას, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას“, — აცხადებს ლავროვი.

„ტასსის: ცნობით, ლავროვი „იზიარებს დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით“ და თვლის, რომ ამის გაკეთება საჭიროა, რათა „ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“.

„სრულფასოვანი საელჩო რომ გვქონოდა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთმოქმედების და კულტურული კავშირების საკითხების მოგვარება უფრო ოპერატიულად, ეფექტიანად მოხდებოდა“, — აცხადებს იგი.

გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს იმედი აქვს, უახლოეს მომავალში მოაგვარდება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი.

ამავე თემაზე

საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას საჭიროდ არ მიიჩნევს

რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

მასალების გადაბეჭდვის წესი