Covid-19: ტრამპი აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Covid-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში ყველა ტიპის იმიგრაციის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერზე” დღეს, 21 აპრილს, დაწერა.

პრეზიდენტი ვირუსს “უხილავ მტერს” უწოდებს და დასძენს,რომ საჭიროა ამერიკელთა სამუშაო ადგილების დაცვა.

“უხილავი მტრის შემოტევის, ასევე, დიადი ამერიკელების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროების ფონზე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას იმიგრაციის დროებით შესაწყვეტად შეერთებულ შტატებში”, – წერს ტრამპი.

In light of the attack from the Invisible Enemy, as well as the need to protect the jobs of our GREAT American Citizens, I will be signing an Executive Order to temporarily suspend immigration into the United States!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 21, 2020

პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ მექანიზმს გამოიყენებს იმიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ან რამდენ ხანს გასტანს აკრძალვა. CNN-ის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების ფონზე, იმიგრაციის პროცესი შტატებში ისედაც მკვეთრად შეზღუდულია.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებამდე ცნობილი იყო თეთრი სახლის პოზიცია, რომლის თანახმადაც პანდემიის ყველაზე მძიმე ნაწილი უკვე გადალახულია და ქვეყანას შეუძლია, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე იფიქროს.

ტრამპის გადაწყვეტილებას “რესპუბლიკური პარტიის” არაერთი წარმომადგენელი და მისი მხარდამჭერი მიესალმა, კრიტიკოსები კი დასძენენ, რომ ტრამპი ვირუსის გამო შექმნილ ვითარებას იმიგრაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის გასატარებლად იყენებს.

აშშ-ში covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 780 000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 42 000-ს შეადგენს. ვირუსის თანმდევი შეზღუდვების ფონზე, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.