“უმისამართო ტყვია” – გაუფრთხილებლობა თუ არაპირდაპირი განზრახვა

გამოძიების ვერსიით, პოლიციელის მიერ უმისამართოდ გასროლილ ტყვიას 19 აპრილს  თბილისში შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციელს ბრალი ჯერ არ წაყენებია, თუმცა გამოძიება „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ეს მუხლი 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ან შინაპატიმრობას ითვალისწინებს. თუ მას ამ მუხლით წაუყენეს ბრალი, არ არის გამორიცხული, საპატიმრო სასჯელი ასცდეს.

შეიძლება თუ არა, ბრალი განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირდეს, რომელიც უფრო მკაცრად ისჯება? რა განსხვავებაა ამ ორ მუხლს შორის?

რა ვიცით?

კვირა საღამოს, 19 აპრილს, — როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით აღდგომა აღინიშნებოდა, — თამო ანთელავა საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, მე-7 სართულზე ცხოვრობს.

მოულოდნელად ფანჯრიდან ტყვია შევარდა, თამო ანთელავას თავში მოხვდა და მისი სიცოცხლე დაასრულა.

პროკურატურის გამოძიების თანახმად, ტყვია, რომლითაც მოქალაქე დაიღუპა და იარაღი, რომლითაც ეს ტყვია გაისროლეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ეკუთვნის.

ეს უკანასკნელი, გამოძიების ვერსიითვე, ნასვამი იყო [ალკოჰოლური თრობის ქვეშ], საკუთარი ბინის აივანზე იდგა და იქიდან უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

მოკლულის სიძის მიერ ჟურნალისტებისთვის გაზიარებული ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გასროლის დისტანცია 560 მეტრი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

როგორც პროკურატურა წერს, „გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“. ჯერჯერობით პროკურატურას სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია.

19 აპრილს ქალის დაღუპვა „ნეტგაზეთს“  მალევე დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყეს: სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს.

თუმცა მეორე დღეს, 20 აპრილს,  საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, — იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად მათ გადაეცათ.

შესაბამისად, ამჟამად გამოიძებას აწარმოებს პორკურატურის საგამოძიებო ნაწილი. უწყების ცნობით, სწორედ ამ განყოფილების თანამშრომლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაჩრხიკეს ბრალდებულის ბინა და ამოიღეს გასროლილი ტყვიის მასრები [რაც ნიშნავს, რომ გასროლა ერთზე მეტჯერ მოხდა] და ცეცხლსასროლი იარაღი.

პოლიციელი, ინიციალებით ს.გ., დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით. თუმცა, როგორც 20 აპრილს 20:00 საათზე „ნეტგაზეთს“ უთხრეს პროკურატურის პრესსამსახურში, ჯერჯერობით მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ამისთვის პროკურატურას 21 აპრილამდე აქვს ვადა.

განსხვავება მუხლებს შორის

სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი, რითაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. განზრახ მკვლელობა კი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 და მე-10 მუხლები ასე განსაზღვრავს განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს:

განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, განზრახ მკვლელობაც, შესაძლოა, ჩადენილი იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვით.

ამისგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

სწორი კვალიფიკაცია?

სისხლის სამართლის იურისტი, სამართლის დოქტორი თაკო გეგელია ასეთ კითხვას სვამს აღნიშნული საქმის 116-ე, ანუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებთ:

„როდესაც ვამბობთ, რომ პირი „უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ შედეგი არ დადგებოდა“, რაზე დაყრდნობით ვამბობთ ამას? ამ შემთხვევაში პირი რაიმე მყარ, საიმედო გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გამორიცხავდეს, რომ შედეგი არ დადგება“.

მას ორი ასეთი მაგალითი მოჰყავს:

იურისტის განმარტებით, „უსაფუძვლოდ იმედოვნებდა“ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ პირი რაიმე ფაქტორებზე დაყრდნობით გამორიცხავს შედეგი [სიკვდილი] დადგომას, მაგრამ ასე ფიქრი უსაფუძვლო გამოდგა.

ჯერჯერობით კი, მისი თქმითვე, რაც ცნობილია, იმ ფაქტებიდან არ გამომდინარეობს, რომ ასეთ სიტუაციებთან გვქონდა შეხება.

თაკო გეგელია გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი, შესაძლოა, სხვა გარემოებები გამოიკვეთოს, ამ ეტაპზე კი „იმის დანახვა უფრო შეიძლება, რომ პირმა დაუშვა შედეგის დადგომის შესაძლებლობა (საცხოვრებელი კორპუსებისკენ რამდენჯერმე გაისროლა) და უბრალოდ გულგრილობა გამოიჩინა ამის მიმართ“. ეს კი არაპირდაპირი განზრახვის განმარტებაში ჯდება.

მნიშვნელობა — განსხვავება სასჯელებს შორის

იურისტი იხსენებს „უდარდელობის“ (Recklessness) ნორმას, რომელსაც ანგლო-ამერიკული სამართალი ითვალისწინებს

„უდარდელობა არის ჩვენთან არსებული არაპირდაპირი განზრახვისა და თვითიმედოვნების, ასე ვთქვათ, გამაერთიანებელი მოდელი. ჩვენთან ეს ორი ფორმა ცალ-ცალკეა, — თვითიმედოვნება არის გაუფრთხილებლობის სახე, არაპირდაპირი განზრახვა კი — განზრახვის სახე“.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, საქართველოში მათ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

თუკი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (116-ე) მუხლი ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, განზრახ მკვლელობა (108-ე მუხლი) შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.

„თუკი მოვლენები მართლაც ისე იყო, როგორც ახლა ვივარაუდეთ, — რომ არაფერს არ დაამყარა პირმა თავისი წარმოდგენა და უბრალოდ თავაშვებულად, გულგრილად იმოქმედა, ეს უკვე, როგორც მინიმუმ, განზრახ მკვლელობაა. ამას გარდა, არსებობს დამამძიმებელი გარემოება — 109-ე მუხლი, ანუ განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ეს მუხლი შესაძლოა დაემატოს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ რამდენიმე ტყვია გაისროლა და არა ერთ ადამიანს, არამედ სხვებსაც შეექმნათ საფრთხე“, – ამბობს თაკო გეგელია.

ჯერჯერობით პროკურატურაში არ უთქვამთ, თუ რა მუხლით წაუყენებენ დაკავებულ პოლიციელს ბრალს.

„კანონი შერჩევითია“

19 აპრილის მკვლელობის საქმის გახმაურების შემდეგ იურისტმა გიორგი ჩიტიძემ, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის პროგრამის მენეჯერია, ყურადღება გაამახვილა „კანონების შერჩევითობაზე და „ნამდვილი ტრაგედია“ უწოდა დისბალანსს სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს შორის:

„ამ პოლიციელს შეიძლება შინაპატიმრობა შეეფარდოს. ასეც რომ არ მოხდეს, 2-დან 4 წლამდე წავა ციხეში. მაშინ როდესაც „ბასიანიდან“ გამოსულ რეივერს რომ 2 აბი MDMA [კლუბური ნარკოტიპი] აღმოაჩნდეს, სანქცია არის 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა“.

„ასე რომ, არამხოლოდ კანონის აღსრულებაა შერჩევითი, თავად კანონებია მოზელილი შერჩევითად“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შემუშავდა კიდეც, თუმცა 2017 წლიდან პარლამენტს მისი განხილვისთვის არ მოუცლია. „ეს [სასჯელის განსაკუთრებით დიდი ზომა] არის „ნულოვანი პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ ამას გადახედოს“, – გვითხრა გიორგი ჩიტიძემ.

გიორგი ჩიტიძის აზრითაც, უნდა გადაიხედოს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელი: „მე მგონია, რომ როცა პოლიციელი ასე იქცევა, ეს აშკარად რბილი სანქციაა“, – ამბობს იგი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

განახლება: 21 აპრილი, 00:00 საათი — დაკავებულის ადვოკატი სოსო გაბრიაძე გამოცემა „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბრალდებული „ადასტურებს ჰაერში რამდენჯერმე გასროლას“.

ადვოკატის თანახმადვე, დაკავებულს „რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა, თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“…