ახალი ამბები

„დავამუღამეთ“, როგორ ვუმკურნალოთ – რატიანი Covid 19-ზე

20 აპრილი, 2020 • 4130
„დავამუღამეთ“, როგორ ვუმკურნალოთ – რატიანი Covid 19-ზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა, უკვე კარგად იციან, თუ როგორ უმკურნალონ კორონავირუსით ინფიცირებულებს.

რატიანი „მთავარ“ არხთან საუბარში ამბობს, რომ Covid-19 არ ჰგავს სხვა დაავადებებს:

„20 წელია, რაც რეანიმაციასთან შეხება მაქვს. სამწუხაროდ,  ბევრი სიკვდილი გვინახავს,  და ბევრი სუნთქვის უკმარისობა, მაგრამ ასეთი სუნთქვის უკმარისობა, როგორიც ამ დაავადებას აქვს – არასდროს მინახავს“.

მისივე განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტი “თვალსა და ხელს შუა, ჩუმა იპარება ადამიანი..  მაქსიმუმ ერთ საათში“. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი კლინიკის მედპერსონალმა იცის, თუ როგორ უმკურნალოს დაავადებულს.

„ჟაგრონულად რომ გითხრათ – „დავამუღამეთ“, როგორ არ გაგვეპაროს, როგორ ვუმკურნალოთ. რა ვნახეთ, იცით? მეხუთე, მეექვსე დღეს, ასეთი პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაზიანების სინდრომი –  თუ გადალახეს ეს  დღე და შემცირდა სუნთქვის უკმარისობა – უკვე ჯანმრთელდებიან.

მაგრამ არსებობს კატეგორია, განსაკუთრებით 3%, ჩვენი კლინიკის დათვლით, რომლებიც ძალიან მძიმდებიან და სჭირდებათ რეანიმაციული მკურნალობა.

ასეთ პაციენტებს ვმკურნალობთ, როგორც „მთის დაავადების“ დროს – როდესაც მთაში ავდივართ, და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს იხრჩობით,“  – ამბობს რატიანი და ამატებს, რომ რამდენიმე დღეში კლინიკა მკრუნალობის შესახებ დეტალებს უფრო ვრცლად გამოაქვეყნებს.


19 აპრილის მონაცემებით საქართველოში Covid 19 სულ 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გარდაიცვალა 3, გამოჯანმრთელდა 93.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 297 აქტიური პაციენტია ანუ პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.

ამასთანავე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.

მასალების გადაბეჭდვის წესი